LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 27 აგვისტოს ბათუმში გაიხსნება

142
MES-6758

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტებისა და საინტერესო სიახლეების შესახებ სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ, ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა, ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა და ფესტივალის მთავარმა დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა ისაუბრეს.

ბათუმი-თბილისის მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები” კორონავისურის პანდემიით განპირობებული რეგულაციებისა და მსოფლიოში არსებული საფესტივალო გამოცდილების გათვალისწინებით, წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ბათუმში დაგეგმილ კონცერტს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით იხილავს, ხოლო თბილისის კონცერტებს – „ლაივსტრიმის“ საშუალებით. საკონცერტო საღამოებზე კლასიკური მუსიკის შედევრები შესრულდება და ასევე თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერა შედგება.

ფესტივალი ტრადიციულად გაიხსნება ქალაქ ბათუმში, 27 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე. საკონცერტო საღამო ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის – სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), გია ყანჩელის სახელობის სიმებიან კვარტეტთან ერთად.

2 და 4 სექტემბერს საკონცერტო საღამოები თბილისში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები”, ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტები – სანდრო ნებიერიძე, ლიზა ჩხაიძე, ელენე შავერზაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3 ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი კლასიკური ნაწარმოების საპრემიერო შესრულება:

1. სანდრო ნებიერიძის კონცერტი – სპეციალურად ბათუმი-თბილისის მეთორმეტე ფესტივალის „ღამის სერენადებისათვის“, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის დაკვეთით შექმნილი ნაწარმოების – „კონცერტი N2 ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის“.

2. გიორგი შავერზაშვილის „კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის N4“, რომელიც ავტორმა ფესტივალის მთავარი დირიჟორის ვახტანგ მაჭავარიანის დაკვეთით შექმნა და თავის ქალიშვილს მიუძღვნა (ფესტივალის ფარგლებში ფორტეპიანოს პარტიას სწორედ კომპოზიტორის ქალიშვილი – ელენე შავერზაშვილი შეასრულებს).

3. ჯიმშერ ჩხაიძის ნაწარმოები „სენტიმენტები“ კამერული ორკესტრისა და არფისთვის, რომლის საერთაშორისო პრემიერა გერმანიაში 2011 წელს შედგა, ხოლო წლევანდელ ფესტივალზე ნაწარმოების ქართული პრემიერა გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის, სულხან ცინცაძის 95 წლის და კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 250 წლის იუბილეები.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე. ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“. პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი; კომპანია ,,პსპ“; ღვინის კომპანია „Georgian Unique Wine”; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“. პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TV პირველი; „არტარეა“; ახალი ამბების სააგენტი „Pia.ge”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – ,,ITV”, ,,droni.ge” და ,,presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი ,,Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,Messenger”; ,,ჯორჯიან პრესი“; ვიდეო–პორტალი ,,Myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები