LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბატონი ვასოს” დავალება ფრესკოს თანამშრომლებს (ფოტო) – სკანდალი გრძელდება

574

სუპერმარკეტების ქსელის ფრესკოს ყოფილმა თანამშრომლებმა “თბილისის სოლიდარობის ქსელს” გაუგზავნეს ფოტო, სადაც ასახულია ქსელის მფლობელის ვასილ სოფრომაძის დავალება ფრესკოზე ტექსტის დაწერის შესახებ.

 

“ბატონმა ვასომ მოგცათ დავალება, დაწერეთ თუ რატომ ფრესკო, ანუ რა არის ფრესკო ჩვენთვის, როგორ ხდება ამ კომპანიაში კარიერული წინსვლა. რას ქმნის ფრესკო ხალხისთვის, ქვეყნისთვის და საერთოდ რა სარგებლობა მოაქვს ფრესკოს

ამ ტექსტის შეფასება მოხდება შემდეგნაირად, ფასდებით 3 ქულით. აიტვირთება ტექსტი ფეისბუქზე, ვისაც ბევრი მოწონება ექნება, მას მიენიჭება ათი ქულა, გენერალური მენეჯერი მიანიჭებს კიდევ 1 ქულას, დირექტორთა საბჭო მიანიჭებს კიდევ 1 ქულას.”

 

განცხადების ბოლოს ვკითხულობთ: “ტექსტის დაწერა სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა დადებითის აღნიშვნა”.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ გამარჯვებულს 500 ლარის ოდენობით ფულად ჯილდოს გადასცემდნენ.

“ფრესკოს” სკანდალი, ქსელის ყოფილი თანამშრომლების მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც ისინი არაადამიანურ შრომის პირობებზე, დაბალ ანაზღაურებაზე, გაურკვეველ ჯარიმებზე და სხვა პრობლემებზე აკეთებენ აქცენტს.

ამის შემდეგ ქსელით შრომითი ინსპექცია დაინტერესდა, რომელმაც თანამშრომლების გამოკითხვის შედეგად, განაცხადა რომ პრობლემები არ დადასტურდა.

“ფრესკოს” შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა და განაცხადა, რომ კონკრეტული შრომითი დავების შესახებ დასაქმებულებმა სოციალურ ქსელში ამბის გავრცელების ნაცვლად, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.

 

თამთა უთურგაშვილი