LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონი ბიძინას ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის კვლევითი სივრცე – ჩხენკელი

70
Untitled design (4)

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა საქართველოს უნივერსიტეტების კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნა და მისი მთავარი თემაა – „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა“.

უწყების ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლის დროს „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი‘‘ (GGSB) ხელს უწყობს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ქართველი და გერმანელი სტუდენტებისა და მეცნიერების მიერ ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების გზით.
„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციის მთავარი თემაა „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა“. ამ მხრივ ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლა წარმოადგენს.

სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ამ კონფერენციას საერთაშორისო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან.

სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.

ვამაყობ, რომ მომავალში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების განკურნებაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

მოხარული ვარ, რომ კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა. ეს შეხვედრა იქნება პლატფორმა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების მიმართულებებისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტების განსახილველად.

ძვირფასო მონაწილეებო, მინდა გისურვოთ ნაყოფიერი შეხვედრები, ლექციები და საინტერესო განხილვები. მსურს, ხაზი გავუსვა, რომ დღევანდელი კონფერენცია, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს, როგორც „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ კონსორციუმის წევრი, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

დიახ, არსებობს გლობალური გამოწვევები, მაგრამ ამავდროულად ჩვენს ხელთ არის მეცნიერება, როგორც მძლავრი იარაღი, რომლითაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.