LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასტი ბუბუს” სტუდია პრობლემების წინაშეა – ისინი პრემიერის პასუხს ელიან

864
ბასტი ბუბუ 2
ბავშვების საყვარელი სტუდია “ბასტი ბუბუ” შეიძლება, ძვირადღირებული სტუდია გახდეს – როგორც ირკვევა, ახლა ყველაფერი პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული. სტუდიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში იმ პრობლემებზე წერს, რაც დღეს მათ წინაშეა. ისინი მთავრობის მეთაურის პასუხს ელოდებიან.
“აპოლიტიკური ადამიანი ვარ! ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ სადიპლომო თემად საბავშვო წიგნის გაფორმება ავირჩიე. ადრე მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის სახელი და გვარი ვიცოდი, ახლა პრემიერისაც ვიცი და ქალაქის მერისაც კი, თუმცა ეს ჩემი მაქსიმუმია. ვთვლი, რომ ჩემი საქმეა: ბავშვები, მათი განათლება და კულტურა, აღზრდა და გართობა. მაინტერესებს მომავალი და ვხვდები, რომ ბავშვებმა ჩემზე კარგად იციან, რა მოხდება მომავალში და მათგან ვსწავლობ ბევრ რამეს. ეს არის ჩემი ინტერესთა სფერო.
კიდევ ერთიც, ვთვლი რომ მთავრობა, რომელსაც ხალხი ირჩევს, ჩემი მთავრობაცაა და ნდობით ვუყურებ ხალხის არჩევანს. მჯერა, რომ ზოგადად ხალხი ბრძენია და მეც მისი ნაწილი ვარ.
ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ვიცი, ბევრი შეეცდება ჩემი პოსტი არჩევნების წინ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და ამიტომ, თავიდანვე ვაფიქსირებ, რომ ჩემს პოსტში არავის მიმართ პრეტენზია არაა დაფიქსირებული, მხოლოდ ბასტიბუბუს პრობლემების მიმართ საზოგადოების დიდ ინტერესს ვპასუხობ.
შექმნილი ვითარება ასეთია:
პირად საუბრებში, მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენელი კეთილგანწყობას გამოხატავს ჩვენს მიმართ და გვეუბნება, რომ ხედავენ ბასტი ბუბუს 30 წლიან ღვაწლს საქართველოს ბავშვების კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობაში. მათივე საუბრიდან გამომდინარე ბასტი ბუბუს აუცილებლად ეპატიება პანდემიის პერიოდში, ანუ მარტიდან დღემდე დაგროვილი იჯარის ვალი.
მაგრამ ვერ გვპატიობენ ვალს, რომელიც მარტამდე დაგროვდა და მის გადახდას ვაპირებდით პანდემიის დროს ვერ ჩატარებული კონცერტებიდან და სწავლის შემოსავლიდან, რომელიც ვერ შედგა პანდემიის მიზეზით. თანხა 36000 ლარს შეადგენს და ამ თანხის გადახდის საშუალება ჩვენ არ გვაქვს და სავარაუდოდ ვერც მომავალში გვექნება, რადგან ჩვენი სტუდია ვერ იწყებს სრულფასოვან გაკვეთილებს და 10 თვის უხელფასოდ დარჩენილ თანამშრომლებსაც კი ვერ უხდის ხელფასს.
ბასტი ბუბუს არა აქვს საკუთარი შენობა, ის 1993 წლიდან მდებარეობს ყოფილი სამხედრო მუზეუმის, ამჯერად კი ახალგაზრდობის სააგენტოს შენობაში. იყო დრო როცა გავიტანეთ ტანკები და ზარბაზნები ამ შენობიდან, გავჭერით ფანჯრები და დავაგეთ იატაკი, გავაკეთეთ რემონტი და სამხედრო მუზეუმი ბავშვთა მჩქეფარე ცხოვრების, კლიპების, ტელე გადაცემების, კონცერტების და ცეკვა სიმღერის, მოკლედ ბავშვების მიზიდულობის ადგილად ვაქციეთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ლარი გვაქვს გადახდილი იჯარაში.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით გვიჭირდა ამ თანხის გადახდა, რადგან სამხარაულის ჯგუფის შეფასებით, ჩვენი ფართობის საიჯარო თანხა მუდმივად ძვირდება, ჩვენ გადახდა გვიწევს, არა მარტო იმ თვეებისა, როცა სწავლა გვაქვს, არამედ იმ თვეებისაც, როცა ბავშვებს არდადეგები აქვთ. ეს ამბავი კაბალურ მდგომარეობაში გვაგდებს და განვითარებისთვის არანაირ სახსრებს არ გვიტოვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ პრემიერ მინისტრს, რომ ის ფართი, რომელშიც ამდენი წელი არსებობს ბასტიბუბუ, გადმოგვცეს უზურფრუქტით.
თუ პრემიერი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ გავაიაფოთ სტუდიის გადასახადი, გავხსნათ უფასო ჯგუფები განსაკუთრებულად ნიჭიერი და უსახსრო ბავშვებისთვის. ასევე განვახორციელოთ საკუთარი დანაზოგით საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები.
ამ ეტაპზე ველოდებით პრემიერის გადაწყვეტილებას.
რა მოხდება, თუ პრემიერმა ეს ჩვენი სურვილი ვერ დააკმაყოფილა?
ბასტი ბუბუ გახდება ძვირად ღირებული ცეკვა სიმღერის სტუდია, რომელიც იჯარით აიღებს, რომელიმე ფართს და იქ ივლიან მხოლოდ ის ბავშვები, რომელებიც შეძლებენ გაძვირებული თანხის გადახდას. დაიხურება BBB ტელევიზია და უმუშევარი დარჩება ათობით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელთა ანსამბლური მუშაობა ქმნიდა ბასტიბუბუს.
ახლა საქართველო არჩევნებისთვის ემზადება, გართულებული ეპიდემიური სიტუაციაა ყველგან და ვაცნობიერებ, რომ ისმის ლოგიკური კითხვა: რა დროს ბასტი ბუბუა?! მეც ეს აზრი მიჩნდება უკვე, მოდი, დაველოდოთ იმ დროს, როცა საქართველოს დასჭირდება ბასტი ბუბუ.
P.S. შეგახსენებთ, ბასტიბუბუ ქართული სიტყვაა და ბავშვების ჟრიამულს ნიშნავს” – წერს სოციალურ ქსელში თამრიკო სხვიტარიძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები