თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განმარტებით, ვაკის პარკში მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესი აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემის ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ყოველთვის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ითხოვს.
„მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ. ამასთან, რეალურად შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს, რის შემდეგაც, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში, აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას და რაიმე შემთხვევა არც ერთხელ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
დედაქალაქის მერის მოადგილემ იმ პროცედურებზეც ისაუბრა, რომელიც პროექტმა გაიარა:
„კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალიტეტში, წარიმართა შემდეგნაირად: ჩვენ შევისყიდეთ კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ჩავიბარეთ დაექსპერტებული, ანუ მას მოჰყვა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა და დაიწყო უშუალოდ კასკადის რეაბილიტაციის განხორციელება. ამ პროცესში ასევე ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას და აკეთებს მოცულობების დადასტურებას, ანუ რა მოცულობები და რა სახის მასალები შემოვიდა ობიექტზე. როდესაც მოდის კონკრეტული ეტაპის მიღება-ჩაბარების დრო, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რისი საფუძველიც არის საექსპერტო დასკვნა ჩატარებულ სამუშაოებზე. საექსპერტო ბიურო ადარებს პროექტის შესაბამისობას შესრულებულ სამუშაოსთან და წერს შესაბამის დადებით დასკვნას, რომლის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოს ჩაბარება ხდება“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.