ქუთაისში, ერთ-ერთ კაფე-ბარში თამბაქოს მოწევის ახალ წესებთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, სამი პირი დაწესებულებაში თამბაქოს შესახებ კანონს არღვევდა.
ერთ-ერთი მათგანი პოლიციის მოთხოვნას, შეეწყვიტა მოწევა, დაემორჩილა, შესაბამისად, აღნიშნული პიროვნება დაჯარიმდა. მისი თანმხლები ორი პირი კი პოლიციას არ დაემორჩილა და მოწევის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. შსს-ში განმარტავენ, რომ ორივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, დაჯარიმდა ასევე კაფე-ბარის მეპატრონე, რადგან დაწესებულებაში კანონით მოთხოვნილი ნორმები დაცული არ ჰქონდა. კერძოდ, ბარში არ იყო განთავსებული აბრა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ ბარში მოწევა აკრძალულია.