LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარები, სადაც ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ – პრემიერმა საკითხის გარკვევა შს მინისტრს დაავალა

85

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა, – განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, ამ კუთხით პრობლემები ადრეც იყო, რაზეც ხელისუფლებამ გარკვეული ძალისხმევა გასწია, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ობიექტებში არ უშვებენ ადგილობრივ მამაკაცებს და, სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მინდა, ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და ამ საქმეს კანონის კუთხით მივუდგეთ. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, ისე გაშუქდა, რომ თითქოს, მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელია, მაგრამ ამ კანონით გვაქვს საშუალება, ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს არც ერთი დასაკარგი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებითა და ამოქმედებით, მინდა, ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდში მოგვარდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე თხოვნით მიმართა საკუთარ თანაშემწეს, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

„თუ ეს არის რაიმე დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება იქ ადამიანების შესვლის შერჩევა, ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს კანონმდებლობას და იგივე, ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით, არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ არც ასეთი დამატებითი შემოსავალი გვინდა და არც ტურისტი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.