,,იმედი მაქვს, რომ ისიამოვნებთ მოსმენით, კითხვით და ყურებით”, – ასე აღწერს ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტს ბარაკ ობამა, რომელმაც ტრადიციული, წლის შემაჯამებელი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თავი საყვარელ სიმღერებს, წიგნებსა და ფილმებს მოუყარა.
გაირკვა, რომ 2018 წლის განმავლობაში, ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ყველაზე ხშირად ,,კარტერების” Apeshit-ს უსმენდა. საინტერესოა, რომ ჩამონათვალში ასევე ისეთ სიმღერებსაც ვხვდებით, როგორებიცაა: ქარდი ბის, ბედ ბანისა და ჯეი ბალვინის I Like It, ჟანელ მონეს Make Me Feel და სხვები.
ფავორიტ წიგნებს შორის, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, პირველი ადგილი დაუფიქრებლად მიანიჭა მეუღლის, მიშელის ავტობიოგრაფიულ ნამუშევარს Becoming.
ობამამ ის ფილმებიც დაასახელა, რომელთაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. 57 წლის პოლიტიკური მოღვაწის კეთილგანწყობა ,,ნეტფლიქსის” კინოსურათმა ,,ანიჰილაცია” დაიმსახურა. ამავე რეიტინგში მოხვდა ,,შავი პანტერა”, ,,სტალინის სიკვდილი”, ,,მხედარი” და სხვები.