LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირება მიმდინარეობს

90

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმედ არსლანი და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელი ჯავიდ ყურბანოვი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით გაემგზავრნენ. დელეგაციის წევრები ახალქალაქის სადგურს და პროექტის სხვა მშენებარე ობიექტებს დაათვალიერებენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულების ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის შესრულებულია რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაახლოებით, 70% – სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ძირითადად მიმდინარეობს სადგურების მოწყობისა და სხვა ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები.

სამინისტროს ცნობით, ახალი სარკინიგზო ხაზია პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა. პროექტი შედგება – მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის საზღვარი) – 27 კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან.

უწყების ინფორმაციით, მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა წელიწადში 5 მლნ ტონა ტვირთბრუნვაზე და 1 მლნ. მგზავრთნაკადზე გათვლილი პროექტის შესაბამისად (წელიწადში 15 მლნ ტონა ტვირთბრუნვის პერსპექტივით) მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გათვალისწინებულია არსებულ სარკინიგზო ხაზზე ყველა დარგის ობიექტების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ევროპა-აზიის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლებას. ეს არის პროექტი, რომელმაც სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით რეგიონი უნდა აქციოს სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები