„ვითიბი ბანკი“ თავის მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს – ბანკომატიდან თანხის გამოტანა, ახლა უკვე ბარათის გარეშე, ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით არის ხელმისაწვდომი.
როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, SMS კოდის მიღება შესაძლებელია „ვითიბი ბანკის“ დისტანციური არხებით – ინტერნეტ ბანკი, ვიდეო ბანკი, Mobile Pay-ს აპლიკაცია.
„ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა აირჩიოს სასურველი ანგარიში და მიუთითოს თანხის ოდენობა, რის შემდეგაც მიიღებს SMS კოდს. აღნიშნული კოდის ბანკომატში შეყვანისას, შესაბამისი თანხის განაღდება ხდება შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია SMS კოდი მესამე პირისთვის თანხის ჩასარიცხად გამოიყენოს. SMS კოდის გადაცემის შემდეგ მესამე პირს შეუძლია თანხის მიღება ინტერნეტ ბანკით ან ბანკომატიდან ნაღდი ფულის სახით”, – აღნიშნულია „ვითიბი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია „ვითიბი ბანკის“ საბარათე ანგარიშის მფლობელი ყველა კლიენტისთვის. SMS კოდით, ერთჯერადად, 500 ლარის განაღდებაა შესაძლებელი.
ცნობისთვის, სერვისით სარგებლობა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი და არ მოითხოვს დამატებით რეგისტრაციის გავლას ან ბანკში ვიზიტს.