ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,არქიტექტურული ბიურო“ შეიმუშავა, ბაკურიანში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები გაეცნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტაციის საჯარო განხილვაში, ,,არქიტექტურული ბიუროს“ წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური მონაწილეობდნენ. ავტორთა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დისკუსია გაიმართა. საპროექტო ჯგუფის წევრებმა განმარტება გააკეთეს გენგეგმის მოქნილი მექანიზმის შესახებ, რომლის თანახმადაც სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთები ღირებულებას არ კარგავს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიწის რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1373 განკარგულების ,,ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,არქიტექტურული ბიურო.“