ბახვა ბრეგვაძე „იქს ფაქტორის“ ერთ-ერთი წამყვანი გახდა. ამბობს, რომ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – სწორედ ამ გუნდთან ერთად უნდოდა მუშაობა და იქ მოხვდა, რაზეც ოცნებობდა. უფრო ადრინდელ პერიოდში თუ გადავინაცვლებთ, მეგობრებისა და ახლობლების ქორწილებსა თუ დაბადების დღეებზე კამერებს ემალებოდა, ახლა კი პირიქით, კამერებთან მშვენიერი ურთიერთობა დაამყარა.
ბახვა ბრეგვაძე:
მართლა ასე იყო, თუ დამიჯერებთ. სხვადასხვა არხიდან თოქშოუს თუ ყოველდღიური შუადღის გადაცემის წამყვანობაზე რამდენიმე შემოთავაზება მიმიღია. თუკი ახლობლები იყვნენ, პირდაპირ ვეუბნებოდი ხოლმე, რომ ტელეწამყვანობას დავთანხმდებოდი მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ამას შემომთავაზებდნენ გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე (იღიმის). მართლა ვამბობდი, რომ მხოლოდ მათთან ერთად გადავდგამდი ამ ნაბიჯს. სხვა ვარიანტი არც განმიხილავს. ესეც მოხდა და ამიხდა ეს სურვილი. როგორც კი ამ გუნდისგან შეთავაზება მივიღე, არც მიკითხავს, რა უნდა მეკეთებინა, პირდაპირ დავთანხმდი. რომ მივედი, შემდეგ მითხრეს, რა უნდა წამეყვანა.
ახლა დაგვემატა ახალი რუბრიკა, ცნობილი ადამიანების ოთახი, სადაც მათთან ერთად შევაფასებ მიმდინარე შოუს, მონაწილეებს. ახლა ფანტასტიკური სტუმრები მყავდა, სხვადასხვანაირად გადანაწილდა მათი ფუნქციები გადაცემის განმავლობაში.
ღელავდი, როცა პირველი გადაცემა უნდა გასულიყო შენი მონაწილეობით?
პირველ გადაცემაზე ისე ვღელავდი, მეგონა, რომ კამერები პირველად დავინახე (იცინის). ალბათ, ეს შეგრძნება იმიტომ მქონდა, რომ ეს ნამდვილი მეგაპროექტია, არის ქაოსი, მაგრამ თან წესრიგი, ყველამ იცის, რას აკეთებს, ყველა აქეთ-იქით დარბის, შენც უნდა მოერგო და ჩაჯდე. ადრე, როცა დარბაზში დასაჯდომად მეძახდნენ ხოლმე, ამასაც კი დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი, პროექტში გამოჩენას ვგულიხსმობ.
ახლა დამშვიდდი?
რა თქმა უნდა. მე და კამერებს გვიყვარს ერთმანეთი. სულ ასე არ იყო. ჩემი ახლობლებისა და მეგობრების ქორწილებსა თუ დაბადების დღეებზე კამერებს სულ ვემალებოდი, ასე რომ არც ჩემი აკრი და არც ფოტო იმ პერიოდიდან არ არსებობს (იცინის). მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს კამერების წინ დავდგებოდი. საბედნიეროდ, ჩემი დებიუტი ამ მხრივ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შედგა და ვფიქრობ, ეს უკონკურენტო სერიალია. ახლაც „იქს ფაქტორში“ აღმოვჩნდი, რეიტინგების ლიდერ შოუში და მისი ნაწილი გავხდი. მიმართლებს და ძალიან მიხარია. მეორე ლაივზე უკვე აღარ მიღელვია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გუშინდელი გადაცემით, ასე თუ ისე, კმაყოფილი დავრჩი.
არის რაიმე პროფესია, რასაც არ ცდიდი?
(იცინის) ახლა უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ. ახალი გამოწვევები ფანტასტიკურია. ერთი სული მაქვს, როდის მოვა შემდეგი ორშაბათი…
ნინო მურღულია