LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბახმუტთან რუსებს ხაფანგი ელოდებათ“ – სად მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლები და როდის აღიარებს რუსეთი, რომ დამარცხდა     

244
ბააახ

ბახმუტი – ადგილი, სადაც ოკუპანტთან ბრძოლას კიდევ ორი ქართველი მეომრის სიცოცხლე შეეწირა. ცოტა ხნის წინ აქ ერთბაშად ექვსი მებრძოლი დავკარგეთ. ეს არის უკრაინის ქალაქი, რომელიც ოკუპირებული დონეცკის ოლქში მდებარეობს და რომლის აღებას რუსები დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობენ.

„ნებისმიერმა მარცხმა, შესაძლოა დომინოს პრინციპით ჯარების გაქცევაც კი გამოიწვიოს“ – ბახმუტი, როგორც კიდევ ერთი გარდამტეხი გზა უკრაინელებისთვის 

ჩვენ დავინტერესდით, არის თუ არა ბახმუტი ერთ-ერთი საკვანძო ადგილი, რომელიც ომში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, კიდევ სად შეიძლება გადამწყვეტი ბრძოლები ვიხილოთ და რამდენად ახლოსაა რუსეთის მარცხი. სხვათა შორის, სამხედრო პირების და ექსპერტების ნაწილი გარკვეული ქალაქებიდან რუსული ჯარების გაყვანას პროგნოზირებენ. ჯარების გაყვანის წინადადება წამოაყენა ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმაც, როგორც „კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიპლომატიური მოგვარებისკენ, რაზედაც ასე ხშირად საუბრობენ მოსკოვში“. ამაზე ზელენსკიმ რუსეთისგან პასუხი უკვე მიიღო – პესკოვის განცხადებას თუ დავუჯერებთ, კრემლმა გამორიცხა მიმდინარე წელს უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანის შესაძლებლობა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე წელი ორ კვირაში სრულდება, რუსეთის ეს პასუხი საგანგაშოდ არ გამოიყურება, თუმცა უფრო მეტს ამაზე სპეციალისტები გვეტყვიან.

 

ნატო, დასავლეთი და უკრაინა

 

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, ზელენსკიმ მოახერხა და დასავლეთი, ფაქტობრივად, „გამოაღვიძა“. მათ დაიწყეს უკრაინის, როგორც სამხედრო, ისე ფულადი დახმარება, რაც ამ დრომდე გრძელდება და კიდევ უფრო ძლიერდება.

ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ, უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარებას მხარი დაუჭირა. როგორც ირკვევა, 2023 წლამდე უკრაინა ყოველთვიურად 1, 5 მილიარდ ევროს მიიღებს.

„ამ წლის განმავლობაში ევროკავშირმა წევრმა სახელმწიფოებმა და მისმა საფინანსო დაწესებულებებმა 19 მილიარდ ევროზე მეტი გაიღეს. მომავალი წლისთვის ძალიან კარგი ამბები მაქვს. მოვახერხეთ უკრაინისთვის 18 მილიარდ ევროზე შეთანხმება“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთი უკრაინას „ცივი ზამთრის გადასალახად“ 8,5 მილიონ ევროს და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის სურვილია, უკრაინა სიცივესა და სიბნელეში დატოვოს, ამიტომ მისი თქმით, „ჩეხეთი მზადაა უკრაინას გენერატორებით დაეხმაროს, რომ ენერგო გათიშვის დროს სკოლებსა და საავადმყოფოებს სითბო და სინათლე ჰქონდეთ“.

ევროკავშირისა და ცალკეული ქვეყნების გარდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია ნატოს პოზიცია. საყურადღებო იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავმჯდომარის იენს სტოლტენბერგის განცხადება, სადაც მან არ გამორიცხა, რომ ეს ომი ნატოსა და რუსეთს შორის ომში გადაიზარდოს.

„უკრაინაში საშინელი ომია. ის ასევე შეიძლება გადაიზარდოს დიდ ომში ნატოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ამის თავიდან ასაცილებლად“, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა ნორვეგიულ ტელეარხ NRK-თან ინტერვიუში.

მანამდე The New York Times-თან ინტერვიუში სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მას „ესმის“ იმ ადამიანების, ვინც „დაღლილია“ უკრაინის მხარდაჭერით და უკმაყოფილოა საკვების, გაზის და ელექტროენერგიის მაღალი ფასებით. მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთს „ბევრად მაღალი ფასის  გადახდა“ მოუწევს, თუ პუტინმა გაიმარჯვა, რაც ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საფრთხეს შეუქმნის თავისუფლებასა და მშვიდობას დასავლეთის ქვეყნებში.

                 

             

     „ნატოს მოუწევს უკრაინის ცა გადაკეტოს“

 

ბახმუტი, როგორც ყველაზე ტრაგიკული ადგილი ჩვენი მეომრებისთვის, საკვანძო ადგილები უკრაინის ომსა და ნატოს გენერალური მდივნის განცხადება – ამ თემებზე ვესაუბრეთ თადარიგის პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსებისთვის ბახმუტს გარკვეული დანიშნულება აქვს.

„ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, სადაც რუსები ჯერ კიდევ უტევენ, ბახმუტია. ამ ადგილს რუსებისთვის აქვს დანიშნულება. მასზე პასუხისმგებლობა ვაგნერის ჯგუფს აქვს აღებული, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია და აზრი ვრცელდება. რეალურად, რუსები აქ მარცხისთვის ემზადებიან. ყველა ომს ჰყავს თავისი გმირები, გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც. პრიგოჟინი ალბათ, მოგვიანებით იტყვის, რომ ჩვენ ვაკეთებდით მაქსიმუმს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ბახმუტთან რუსებს ხაფანგი ელოდებათ. მათ უმნიშვნელო წარმატებისთვისაც კი დიდი ძალისხმევა მოუწევთ“, – ამბობს ლაშა ბერიძე.

მისივე თქმით, ახლა მთავარი მიმართულებებია – მდინარე დნიპროსთან სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ ახერხებენ, მეორე – მელიტოპოლი, მესამე კი დონბასია.

„გარდამტეხი ბრძოლები ბევრი იქნება. ეს არაა ისეთი ომი, რომ ელვისებური შეტევა გააკეთოს ვინმემ, აქ დასახლებული პუნქტიდან დასახლებულ პუნქტამდე ძალთა გამოფიტვა მიმდინარეობს. რთულია იმის თქმა, საბოლოოდ სად გამოიფიტება საოკუპაციო ძალები .

დრო რუსეთზეა დამოკიდებული. ის ამ ომში დამარცხდა, ეს ნებისმიერ სტრატეგიულ მოაზროვნეს ესმის. რამდენად მალე მიხვდებიან რუსები და მალე გადაჯგუფდებიან, არავინ იცის. მაგ. ხერსონი რომ დატოვეს სწორი იყო, მას ვერ შეინარჩუნებდნენ. რუსებს უდგათ ამოცანა – რაიმე სახით ეს ოკუპირებული ტერიტორიების რაღაც ნაწილი მაინც შეინარჩუნოს“, – აცხადებს თადარიგის პოლკოვნიკი.

მან ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას შეაფასა და აღნიშნა, რომ ნატოს ადრე თუ გვიან მოუწევს უფრო გრძელვადიანი დიდი ინვესტიციით შესვლა ამ ომში. მისივე თქმით, ალიანსს მოუწევს, რომ უკრაინის ცა გადაკეტოს და სარაკეტო დარტყმებისგან დაიცვას.