LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს. 

111
i-ffec30fa20163603bc2b5f319b825de9-1600426168511637-0

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს.

“ღია საზოგადოების ფონდის” დახმარებით პატარა პროექტი წამოვიწყეთ ნინოწმინდის და სხვა პანსიონატების ყოფილი ბენეფიციარების დასახმარებლად. ავიყვანეთ ერთი სოცმუშაკი და ერთი იურისტი, ვეძებთ ამ ახალგაზრდებს და ბევრს ვპოულობთ ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში.

ამბავი 1: დღეს 18 წლის მერაბი ვნახეთ, 3 თვის წინ სრულწლოვანი გამხდარა და მინდობის აღზრდა და ყველა სხვა დახმარება შეუჩერდა. არის სულ მარტო, მისი ბიოლოგიური ოჯახი მას არ იღებს. დღეს მივაკვლიეთ და 2 დღის მშიერი იყო, რადგან დღიური სამსახური რაც ჰქონდა, ისიც დაუკარგავს ამ პანდემიაში.

დღესაც გამოვკვებეთ და ხვალაც პროდუქტს ვუყიდით თქვენი ძველი შემოწირულობებიდან მორჩენილი ფულით. ჩვენ დავეხმარებით, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მიიღოს და ბინის ქირა მერიიდან. სჭირდება სამსახური და იქნებ ვინმეს შეგეძლოთ ამ მხრივ დახმარება. სანამ ფეხზე დადგება, უნდა დავეხმაროთ.

ამბავი 2: გახსოვთ ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი ლუკა, პანსიონში მომხდარ ძალადობაზე ჩვენების მიცემის გამო სხალთის ეპარქიის სასწავლებლიდან და სტუდენტური თავშესაფრიდან რომ გამორიცხეს? დღეს ლუკა თბილისშია, სამსახურიც მოძებნა, საბუთები „გეპეიში“ გადაიტანა საჯარო მმართველობის სპეციალობის მეორე კურსზე, მაგრამ სწავლის ფული არ აქვს.

ერთად უნდა შევუგროვოთ 2250 ლარი ერთი წლის საფასური.

სხვა ახალგაზრდებიც გვყავს, ბევრს უნდა რეპეტიტორთან მომზადება და განათლების მიღება. ზოგს სამედიცინო საჭიროებები აქვს. მოკლედ, გვჭირდება თქვენგან როგორც ფინანსური დახმარება, ისე სხვა ტიპის დახმარებაც, მაგალითად დასაქმებაში, ან აბიტურიენტების მომზადებაში. თუ რამე შეგიძლიათ, მოგვწერეთ. პროექტში ჩართული ჩვენი სოცმუშაკის ელენე როჭიკაშვილის ელ.ფოსტაა: [email protected] , საფარის ტელეფონია 2 307 603, 511 13 43 10.

აიპ “საფარის” ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკში:

GE22TB7800636080100020

დანიშნულება: პანსიონატების ბენეფიციარებისათვის.

თქვენი შემოწირულობების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ჩვეულებისამებრ გამოვაქვეყნებთ საფარის საიტზე პერიოდულად.

თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს, ნელ-ნელა გვემატებიან ახალგაზრდები, რომელიც სახელმწიფომ ქუჩაში დატოვა 18 წლის ასაკში ყოველგვარი დახმარებისა და შემზადების გარეშე. გთხოვთ, მეგობრებსაც გაუზიაროთ ეს ინფორმაცია”, – წერს ბაია პატარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები