ქართველი მეფეებისა და მთავრების სასეირნო და მოსასვენებელი ადგილი იყო თავის დროზე ზუგდიდის ბოტანიკური ბარი, რომელიც მე-19 საუკუნეში გაშენდა. ეს იყო ბაღი მთავრის რეზიდენციისთვის, რომელიც სამეგრელოში, დადიანების სასახლის გვერდით მდებარეობს. ბაღმა გაშენებიდან რამდენიმე წელიწადში დეკორატიული მიმართულების სახელი მიიღო. ვინაიდან მდებარეობით და კლიმატური პირობებით ადგილი საუკეთესო იყო სუბტროპიკული მცენარეების გახარებისთვის, კვლევისა და აკლიმატიზაციისთვის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ის სახე, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია, დავით დადიანის და მისი მეუღლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის დამსახურებაა. სამეგრელოს დედოფალმა მოიწვია იტალიელი მებაღე, რომელსაც დაევალა ბაღის განაშენიანება.
აღნიშნულ პერიოდში, ფრანგული კულტურის გავლენა საქართველოში, ხელოვნებასა და განათლებაში მკაფიო იყო, ამიტომ დასავლური კულტურის კვალი ჩანს ზუგდიდის ბაღშიც. მოწვეული სპეციალისტების მიერ ბაღი ფრანგულ სიმეტრიულ სტილზეა გაშენებული. ევრაზიული კონტინენტის ერთეული ეგზემპლარები და მრავალი იშვიათი ხე-მცენარეების გარდა, აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ მცენარეთა ჯიშები, რომლებიც ეკატერინე ჭავჭავაძის განკარგულებით მეფე ლუი ფილიპეს „ვერსალის ბაღიდან“ არის ჩამოტანილი. მცენარეები დღემდე ხარობენ ბაღში და როგორც ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ გვითხრა, ბაღის ოფიციალური გახსნა, რეაბილიტაციის და განახლების შემდეგ, უახლოეს პერიოდში იგეგმება.
რითი იწონებს თავს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და რა იშვიათი მცენარეები ხარობენ აღნიშნულ ტერიტორიაზე? ამ კითხვაზე „ფორტუნასთან“ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის მართვის განყოფილების უფროსმა ისაუბრა.
ლარისა თირქია აღნიშნულ პოზიციაზე დიდი ხანია მუშაობს და როგორც თვითონ აღნიშნავს, აქ თითოეული მცენარე და მისი მოვლის საშუალებები კარგად იცის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის წევრი გახდა
„ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ეგზოტიკური მცენარეები იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან არის ჩამოტანილი. ჩვენი ბაღი შეიძლება უიშვიათესი მცენარეებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ აქ ძალიან ასაკოვანი ხეები ხარობენ. მაგალითად, 180 წელზე მეტის არის მარადმწვანე სეკვოია, ასევე ურთხელი, რომელიც ამავე ასაკისაა. თითქმის 200 წლის ხეების ხეივანია გაშლილი, თუმცა არა მარტო ამ ჯიშების. არის ჰიმალაის კედარი, ატლასის კედარი, რომელთა ულამაზესი ხეივნებია. ბაღში თავის დროზე ჩაფიქრებული ხელოვნური პეიზაჟები, ხელოვნური ტბა და სხვა მრავალი დეტალი, რომლითაც ცნობილია ჩვენი ბაღი, არის უნიკალური ადგილი. რაც შეეხება ბაღის პირველ სახეს, ის დღემდე იგივე პრინციპით შენარჩუნებულია და მცენარეების უმრავლესობა, რომელიც თითქმის 2 საუკუნის წინ ჩამოიტანეს და დარგეს, დღემდე ხარობენ“, – ამბობს ლარისა თირქია.
ცნობისთვის, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია-პროექტირებისთვის თანხები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ფონდმა „ქართუმ” გამოყო, ხოლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროექტის ღირებულება 11 მლნ ლარს შეადგენს.
პრემიერი: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი გახდება