LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგანის ტაძარი მიანმარში, ბრინჯის ტერასები ჩინეთში და ჰიტაჩის ეროვნული პარკი იაპონიაში – მსოფლიოს 15 ულამაზესი ადგილი

715
fortuna_photo

ბაგანის ტაძარი მიანმარში, ბრინჯის ტერასები ჩინეთში და ჰიტაჩის ეროვნული პარკი იაპონიაში – ღირსშესანიშნაობებით მდიდარ სამყაროში უამრავი ბუნებრივი საოცრების, უძველესი კულტურული თუ არქიტექტურული შედევრის მოძიება შეიძლება, რომელთაც ვერც დრომ დააკლო ვერაფერი, ვერც ახალმა ცივილიზაციამ.

 

 პამუკალე, თურქეთი

პამუკალე – 17 გეოთერმული წყაროს ერთობლიობაა თურქეთში, დენიზლის პროვინციაში.

ქათქათა თეთრი ტერასები მთის ფერდობზე კალციუმით მდიდარი თერმული წყლების მარილების ნადებით წარმოიქმნა და კირქვის ბუნებრივი ავზები შექმნა. 1988 წელს პამუკალე, რომელსაც ხშირად „ბამბის ციხესაც“ უწოდებენ, იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში შეიტანა.

 

 ბაგანის ტაძრები, მიანმარი

პაგოდებით, ტაძრებითა და მონასტრებით მდიდარი ქალაქი ბაგანა დღეს არქეოლოგიური ზონის სტატუსით სარგებლობს და მეცნიერებთან ერთად მოგზაურებსაც ხშირად მასპინძლობს. უნიკალურ ნაგებობებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით დამაიანგის და ანანდას უნიკალური ტაძრები სარგებლობენ, რომელთაც საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნეს თვითმყოფადობა და პირვანდელი დიდებულება.

 

 ლენსოის-მარანეინსისის ეროვნული პარკი, ბრაზილია

ბრაზილიაში, მარანიანის შტატის ეროვნულმა პარკმა, რომელიც 1981 წელს გაიხსნა ოფიციალურად, თავისი ქვიშის დიუნებით გაითქვა სახელი. ყველაზე შთამბეჭდავი პარკი წვიმის სეზონზეა, როცა 40 მეტრის სიმაღლის დიუნები პატარა ლაგუნებს ქმნიან. აღსანიშნავია, რომ ხშირი წვიმის მიუხედავად, 1000 კვადრატულ მეტრზე გაშლილ პარკში არც ფლორაა განვითარებული, არც ფაუნა.

 

 მეტეორას მონასტრები – საბერძნეთი

ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული მეტეორას მონასტრები საბერძნეთის უმსხვილესი სამონასტრო კომპლექსია. აღსანიშნავია, რომ 24 მონასტერი კლდის ქიმზე მე-10 საუკუნეში აიგო, როცა არც გზა იყო, არც სპეციალური ტექნიკა არსებობდა ტრანსპორტირებისთვის, რამაც მტვირთავებს საკუთარი ზურგით აიძულა სამშენებლო მასალა ზიდვა.

 

 ბრინჯის ტერასები ჩინეთში

ჩინეთის ყველაზე ცნობილი ბრინჯის ტერასები, რომელთაც ულამაზესი პეიზაჟებით გაითქვეს მთელ მსოფლიოში სახელი, ლუნშენიდან სამხრეთით, ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე გაშლილი. მთებითა და გორაკებით დაფარული ტერასები, რომელთაც უჩვეულო ფორმის წყალობით შეიძინეს „დრაკონის ხერხემლის“ სახელი, 2013 წელს  იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაში შეიტანა.

 

 უიუნის მლაშობი, ბოლივია

გამშრალი ტბა ალტიპლანოს ვულკანური უდაბნოს პლატოზე მსოფლიოს ყველაზე დიდი მლაშობია, მისი სარკისებრი ზედაპირი კი, რომელიც ღრუბლებს აირეკლავს, ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას და საოცარ სანახაობას ქმნის, ისე თითქოს დედამიწა ცას შეეკრა.

 

 ჰიტაჩის ეროვნული პარკი, იაპონია

ჰიტაჩის ზღვისპირა პარკი, რომელსაც ხშირად „ყვავილების სამოთხესაც“ უწოდებენ, 19 ჰექტარზეა გაშენებული და იაპონიის უმსხვილეს პარკად ითვლება, რადგან რამდენიმე მილიონ, მათ შორის უნიკალური ჯიშის მცენარეს, ყვავილს აერთიანებს და ფერების საოცარ პალიტრას ქმნის.

 

 მაჩუ-პიკჩუ, პერუ

ზღვის დონიდან 2450 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული „ქალაქი ღრუბლებში“ – როგორც ხშირად მაჩუ-პიკჩუს უწოდებენ მსოფლიოს ყველაზე იდუმალებით მოცული ღირსშესანიშნაობაა. ისტორიული მონაცემებით, უძველესი ქალაქი ინკების მმართველმა პაჩაკუტეკმა გააშენა როგორც წმინდა თავშესაფარი და მართალია, ქალაქს 1200-მდე მოსახლე ჰყავდა, მაგრამ მე-16 საუკუნეში ყველა ერთიანად და უკვალოდ გაქრა.

 

 კრისტალების გამოქვაბული, მექსიკა

მექსიკაში, ქალაქ ნაიკას მიწისქვეშა გამოქვაბულის სიღრმე 300 მეტრს აღწევს. უნიკალურობა გამოქვაბულმა სელენიტის კრისტალების სიმრავლის წყალობით შეიძინა, რომელთა შორის ყველაზე მასიურის წონამ 55 კილოგრამი, სიგრძემ 11 მეტი, სიგანემ კი, 4 მეტრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულში ტემპერატურა თითქმის 60 გრადუსს აღწევს, რაც სერიოზულად ართულებს მის შესწავლას. მკვლევარებს სპეციალური გამაგრილებელი აღჭურვილობითაც უჭირთ გამოქვაბულში 20 წუთზე მეტის გაძლება, რადგან გაგრილებულ ფილტვებში წყლის კონდენსაცია იწყება.

 

 მორეინის ტბა, კანადა

ყინულოვანი ტბა ბანფის ეროვნულ ნაკრძალში ზღვის დონიდან 1885 მეტრის სიმაღლეზეა და მხოლოდ ივნისის თვეში ივსება მყინვარების დნობის შემდეგ. სწორედ მაშინ იცვლის ტბა ფერს და  ლურჯის თითქმის ყველა ტონით იფერება ქვის ფსკერზე შუქტეხის წყალობით.

 

 ალ-ხაზნე, იორდანია

ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, სიკის კანიონში მოქცეული უძველესი ქალაქის – პეტრას უნიკალური ტაძარი ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში გამოიჭრა კლდეში. აღსანიშნავია, რომ ალ-ხაზნე, რომელსაც არაბები „ფარაონის განძს“ უწოდებენ, უძველესი არქიტექტორებისა და ქვის მთლელების ოსტატობის უნიკალური ნიმუშია, რადგან დღემდე დაუდგენელია როგორ შეიქმნა ტაძარ-მავზოლეუმის პროექტი და რა აღჭურვილობა იქნა გამოყენებული ფასადის კლდეში გამოსაკვეთად.

 

 ჩჟან დანსიას ფერადი კლდეები, ჩინეთი

ჩჟან დანსიას გეოლოგიური პარკის მთავარ „სიამაყეს“ ფერადი კლდეები წარმოადგენს, რომელიც 2009 წელს ჟურნალმა National Geography-მა ჩინეთის ულამაზეს ღირსშესანიშნაობად დაასახელა. მეცნიერების მტკიცებით, ფერადი კლდეები ქვაქვიშისა და სხვა წიაღისეულის წყალობით გაჩნდა, რომელიც 24 მილიონი წლის მანძილზე ფენებად ედებოდა ნიადაგს და საბოლოოდ რამდენიმე ასეული მეტრის კლდეები წარმოქმნა.

 

 ვარსკვლავების ზღვა, მალდივები

ულამაზესი სანახაობა – ფიტოპლანქტონების ბიოლუმინესცენცია ანუ ორგანიზმის ნათება  მალდივის კუნძულების რიფებზე ზაფხულის სეზონს ემთხვევა, როცა ლაკადივის ზღვაში დაბინავებულ პლანქტონებს ტალღები აიძულებენ ნათებას, რაც ციმციმის საოცარ ეფექტს ქმნის, ისე თითქოს ზღვა ვარსკვლავებით ივსება.

 

 საგანოს ბამბუკის ტყე, იაპონია

საგანოს ბამბუკის ტყე ერთგვარი ოაზისია კიოტოს ურბანისტულ ლანდშაფტში, სადაც ქარი სინქრონულად არხევს ათასობით ტოტს „ზანზილაკების სიმფონიაში“.  სწორედ ზარების დამამშვიდებელი წკრიალი და სრული ჰარმონიის შეგრძნება იზიდავთ იაპონელებს ბამბუკის ტყეში, რომელიც ქვეყნის დაცული ღირსშესანიშნაობების ნუსხაშია შეტანილი.

 

 ტიტების მინდორი, ნიდერლანდები

ტიტებით განთქმულ ჰოლანდიაში მართლაც უამრავი ჯიშისა და შეფერილობის ყვავილის მოძიება შეიძლება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ტიტას მინდვრები გაზაფხულზე, ყვავილობის სეზონზეა, როცა ჯერ FloraHolland-ის ცნობილი აუქციონი, მერე ყვავილების ფესტივალი ეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები