თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად სააგენტოს ვებგვერდზე – Kids.org.ge.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს ორ ეტაპად; პირველ ეტაპზე, 18 ივნისის 12:00 საათიდან რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები), ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 22 ივნისს, 12:00 საათზე და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა იმ აღსაზრდელის რეგისტრაცია, რომელიც არ მიეკუთვნება პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებს.
წელს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 13 ათასზე მეტი აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე, ეტაპობრივად გაიხსნება 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, ხოლო ორ ბაგა-ბაღს შეემატება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი