ბრიტანული კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიამ (BAFTA), პრემიის ნომინანტები გამოავლინა.
მთავარი ტრიუმფატორი ფილმი „ლა ლა ლენდი“ გახდა, რომელიც 11 კატეგორიაშია წარდგენილი. 9-9 ნომინაცია აქვს „ჩამოსვლას“ და „ღამის ცხოველებს“, 6 პრიზი შეიძლება მიიღოს ფილმმა „მანჩესტერი ზღვასთან“.
ფილმები „ჯადოსნური ცხოველები: სად ვიპოვოთ ისინი“, „სინდისის ქენჯნა“, „ლომი“ და „მე, დენიელ ბლეიკი“ 5 კატეგორიისთვის იბრძოლებს, 4 ჯილდოს მოპოვებას შეეცდება „მთვარის შუქი“ და „ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“.
რაც შეეხებათ მსახიობებს, ნომინაციებში მოხვდნენ ენდრიუ გარფილდი, კეისი აფლეკი, ჯეიკ ჯილენჰოლი, რაიან გოსლინგი, ვიგო მორტენსენი, ემი ადამსი, ემილი ბლანტი, ემა სტოუნი, მერილ სტრიპი, ნატალი პორტმანი და სხვები.
დაჯილდოების ცერემონია 12 თებერვალს ლონდონში გაიმართება.