საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში დღეს სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
კომიტეტი დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარუდგენს.
მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დადგება.
დღის წესრიგში ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის დათქმა იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი დეპუტატი საშემოდგომო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებია, ავტომატურად მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება.
კომიტეტის სხდომაზე განიხილება ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რომლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ ცნო.