„ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. თუ ევროკომისიას არ უნდა დავუჯეროთ, აბა ვის უნდა დავუჯეროთ?!“,- ასე გამოეხმაურა „რადიო ფორტუნას“ ეთერში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში შესვლას პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.
ჯაფარიძის განცხადებით, ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამობის გარდა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.
„გამოვიყენებთ პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ განკარგულებაშია. პირველ რიგში, ეს არის კოორდინაცია პარლამენტში, პარლამენტის გარეთ და ყველა იმ ძალასთან, რომელიც ამ კანონს მიიჩნევს, როგორც ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს.
ჟოზეფ ბორელის სპიკერის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. თუ ევროკომისიას არ უნდა დავუჯეროთ, აბა ვის უნდა დავუჯეროთ?! მმართველი ძალის მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯის მიზანი, ალბათ, ის არის, რომ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ზიანი მიადგეს. ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლება არაკონსტიტუციურ ნაბიჯს დგამს. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას“,- განაცხადა ჯაფარიძემ გადაცემაში „დღის თემა”.