ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დააბრუნეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ ესებუას უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში ხუთი დღე გაატარა.
„ჩემთვის ამ დროისთვის უცნობია, რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში. ასევე უცნობია, როდის გახდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა საზოგადოებისთვის ცნობილი“. – აღნიშნა ესებუამ „ფორტუნასთან“ საუბარში.
მისივე განცხადებით, ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესი 8 მაისს განახლდება.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე: