ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის თბილისში შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ „ფორტუნას“ ესებუას უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.
მისი თქმით, გამოკვლევის ჩატარებას 10-15 დღე დასჭირდება.
„დღეს გავიგე, რომ ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბრალდების მხარეს სურდა მისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა, დაცვის მხარე წინააღმდეგი იყო. თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. გამოკვლევის ჩატარებას 10-15 დღე დასჭირდება.
დღევანდელი პროცესი გადაიდო და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაგრძელდება სასამართლო სხდომები,“ – განაცხადა იოსებ ჯანაშიამ „ფორტუნასთან“.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე: