კომპანია “ბადაგონის” გენერალური დირექტორის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, უახლოეს დღეებში მათი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები „ბადაგონის“ მხარდასაჭერად ჩამოსვლას გეგმავენ.
„ბადაგონის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი სალაყაიამ ადვოკატ ზაზა ხატიაშვილთან და თანამშრომლებთან ერთად, დღეს ზემო ხოდაშნის ქარხანაში პრესკონფერენცია გამართა. როგორც სალაყაიამ აღნიშნა, „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ მთელი საწარმო პარალიზებულია და სამუშაო პროცესი მთლიანად გაჩერებულია.
„ბადაგონი“ უპირობო ლიდერია და სწორედ ამიტომ გუშინ შემოვარდნენ. ამ ყველაფრის უკან იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის, ყოფილი პარლამენტარის, დავით ბეჟუაშვილის, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვლადიმერ ჯანჯღავა. ჩვენ ასე მარტივად არ დავნებდებით. უახლოეს სამ დღეში მოხდება ჩვენი პარტნიორი კომპანიების მობილიზება, რომლებიც ჩამოვლენ მხარდასაჭერად და საერთაშორისო საზოგადოება შეიტყობს, თუ რა პირობებშია დღეს ქართული ბიზნესი”, – განაცხადა სალაყაიამ.
მისივე თქმით, უკვე დაწყებულია ზარალის შესწავლა, თუ რა ზიანი მიადგა აღნიშნული პროცესის გამო კომპანიას. გენერალური დირექტორის განცხადებით, „ასეთი ვანდალური შემოვარდნით უამრავი ადამიანი უმუშევარი რჩება“.
შეგახსენებთ, კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გუშინ შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მათივე ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, 2018 წლის 1-ელი თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მინდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა.
აღნიშნულ თემაზე დღეს თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატმა- იმედა დვალიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქონება „ბადაგონის“ დაქირავებულმა მენეჯერმა გიორგი სალაყაიამ უკანონოდ მიისაკუთრა. დვალიძის თქმით, 2003 წლიდან დღემდე კომპანია „ბადაგონის“ რეალურ მესაკუთრეს მხოლოდ ვლადიმერ ჯანჯღავა წარმოადგენს და ინვესტიციებს რეალურად ის ახორციელებდა.
„ცოტა არ იყოს, სასაცილოა, როცა გიორგი სალაყაია აცხადებს, რომ თითქოს ვლადიმერ ჯანჯღავას წილი არ ეკუთვნის „ბადაგონში“. სალაყაიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ვლადიმერ ჯანჯღავა არა მხოლოდ მფლობელი იყო, არამედ სწორედ მან განახორციელა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ქარხანაში, სწორედ ჯანჯღავას ჩადებული ინვესტიციის წყალობით გახდა კომპანია „ბადაგონი“ ცნობადი, მაღალტექნოლოგიური და განვითარებული კომპანია“, – აცხადებს იმედა დვალიძე.
ადვოკატის თქმით, გიორგი სალაყაია ამ კომპანიაში მხოლოდ დაქირავებული მენეჯერი იყო. მისივე ინფორმაციით, სალაყაიამ ისარგებლა ვლადიმერ ჯანჯღავას ნდობით და კომპანიის მართვის გამარტივების მიზნით შესთავაზა მას წილის საკუთარ თავზე გაფორმება. „სწორედ ამ გზით მიითვისა გიორგი სალაყაიამ როგორც საწარმო, ასევე საწარმოში განხორციელებული ინვესტიციები”, – აცხადებს იმედა დვალიძე.