პროკურატურამ 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებისთვის კაცს ბრალი წარუდგინა. გაუპატიურების გარდა, დაკავებულს ბრალდების მხარე სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას და გარყვნილ ქმედებას ედავება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს,“ – აცხადებს პროკურატურა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება ოთხი მუხლით წარუდგინა – სსკ-ს 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება);
11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან);
11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამკაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.
„არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.
საქართველოს პროკურატურა ასეთი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
13 წლის გოგონასთან, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც ბაბუა დააკავეს, მუშაობა ფსიქოლოგმა დაიწყო