უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან ევაკუაციის მოლაპარაკებაში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარიც.
„დავიწყეთ ახალი რაუნდი, რათა შევიმუშაოთ „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის საგზაო რუკა. დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. არის წითელი ჯვარი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ხვდებიან რუსებს. ასევე, მოვილაპარაკეთ გაერო-სთანაც და მივეცით მანდატი. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია და მას ხელი უნდა მოვაწეროთ. ამ რაუნდში შუამავალი არის თურქეთი“, – განაცხადა უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა.
„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილის სვიატოსლავ პალამარის თქმით, ამჟამად „აზოვსტალის“ ქარხანაში 600 დაჭრილი მებრძოლი იმყოფება.