LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა

111
adb

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც ქვეყანას მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში დაეხმარება.

თანამშრომლობის ხუთწლიანი (2024-2028) სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტირებით, რეფორმების მხარდაჭერითა და ცოდნის გაღრმავებით.

სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას და კერძო სექტორის ხელშეწყობას ეკონომიკური ზრდისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას.

„აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებს. ჩვენი მიზანია ქვეყანას მწვანე და ინტეგრირებულ ეკონომიკაზე გადასვლასა და საზოგადოების გაძლიერებაში დავეხმაროთ მისი მეტი მედეგობისა და ინკლუზიურობის მიზნით. საქართველომ მისი გეოგრაფიული უპირატესობა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უნდა გამოიყენოს, რათა გახდეს რეგიონის კარიბჭე, რომელიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირებს“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

ახალი სტრატეგია პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სახელმწიფო განვითარების სტრატეგიის (ხედვა 2030) სამ მთავარ პრიორიტეტს – ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და საჯარო ადმინისტრირება.

„ვამაყობთ, რომ საქართველოს მთავრობასთან ვთანამშრომლობთ, რომ ქვეყანა აგრძელებს მუშაობას რეგიონულ სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად განვითარებისთვის კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურისა და ძლიერი სოციალური დაცვის გაძლიერების კვალდაკვალ. აზიის განვითარების ბანკი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პარტნიორი, განაგრძობს ინტეგრირებულ მხარდაჭერას კომპლექსური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რეფორმების მხარდაჭერისა და კერძო სექტორის გაძლიერების პარალელურად“, – განაცხადა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან. მის მიერ საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები