აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და მსოფლიო ბანკმა 2024 წლის ეკონომიკური პროგნოზები განაახლეს.
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5%-ზე შეინარჩუნა, 2025 წლისთვის კი 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლესლი ბეარმენ ლამის განცხადებით, საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს რეგიონული დაკავშირებადობის განვითარებაზე, ადამიანური კაპიტალის რეფორმასა და მწვანე ეკონომიკაზე.
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში განუხრელად იზრდება. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება რეგიონულ თანამშრომლობაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, უფრო მწვანე და კლიმატგამძლე ეკონომიკაზე გადასასვლელად საჭირო პოლიტიკის გატარება კი ქვეყანაში შექმნის დოვლათს და მოსახლეობის სოციალურ დაცვას გააძლიერებს“, – განაცხადა ლესლი ბეარმენ ლამმა.
ამასთან, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში წელს 3.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, 2025 წლისთვის კი მის 4%-მდე დაჩქარებას.
აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შემდეგია: სომხეთი – 5.7%, აზერბაიჯანი – 1.2%, ყაზახეთი – 3.8% და უზბეკეთი – 5.5%.
რაც შეეხება მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, რაც ბანკის წინა პროგნოზს, რომელიც 2024 წლის იანვარში გამოქვეყნდა, 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება. გაუმჯობესებულია 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რაც 4.5%-ის ნაცვლად, 5%-ზეა ნავარაუდევი.
მსოფლიო ბანკის მიერ საკუთარი პროგნოზის გაუმჯობესება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მოსალოდნელზე უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობასთან. 2024 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა, ამასთან, ეკონომიკურ პროგნოზს გადახედა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რომელიც წელს საქართველოში 5.7%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის.
რეგიონის ქვეყნების მიხედვით მსოფლიო ბანკის 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასე ნაწილდება: სომხეთი – 5.5%, აზერბაიჯანი – 2.3%, რუსეთი – 2.2% და უკრაინა – 3.2%.