აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დავით გარეჯის საქმის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ აღნიშნულზე საკითხზე კომენტარის გაკეთებას არაკორექტულად მიიჩნევს.
„აზერბაიჯანული მხარე თავს ვალდებულად არ მიიჩნევს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე რაიმე კომენტარი გააკეთოს. ეს არაკორექტული იქნება“, – აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია ყველა საკითხზე, რაც დავით გარეჯს უკავშირდება, გამოხატულია როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ასევე ტექსტში, რომელიც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს ეკუთვნის.
„ამავდროულად, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დავით გარეჯს უკავშირდება, უკვე გამოხატულია როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ისე საკმაოდ მოკლე, კონკრეტულ და გასაგებ ტექსტში, რომელიც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს ეკუთვნის“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.
შეგახსენებთ, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა არიან დაკავებული.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 308 მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.