აზერბაიჯანი მზადაა საქართველოს ბაზარზე გაზზე არსებული პიკური დეფიციტი სრულად დააკმაყოფილოს. კომპანია „სოკარმა“ „შაჰ-დენიზის მილსადენის კონსორციუმთან“ შეთანხმებას მიაღწია და საქართველოში წარმოქმნილ დეფიციტს სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან შეავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული კომპანია საკუთარი ვებ-გვერდით ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „შაჰ-დენიზის მილსადენის კონსორციუმის“ წევრებთან მიღწეული შეთანხმებით, “სოკარი” მზადაა გადახედოს სამხრეთ კავკასიური მილსადენით შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსთვის გაზის მიწოდებაში დაწესებულ შეზღუდვებს.
„მიღწეული შეთანხმების შედეგად, ზამთრის განმავლობაში საქართველოსთვის მიწოდებული გაზის მოცულობა სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაიზრდება 50 მილიონი კუბური მეტრით,“- აღნიშნულია „სოკარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს აზერბაიჯანთან ორი მილსადენი აკავშირებს. სამხრეთ კავკასიური მილსადენი, საიდანაც საქართველო შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებულ, ტრანზიტის საფასურის სახით მისთვის კუთვნილ გაზს იღებს და ყარადაღ-თბილისი, რომლითაც ხორციელდება კომპანია “სოკარის” კუთვნილი გაზის იმპორტი.
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიური მილსადენის კომერციული ოპერატორია. აქამდე არსებული პირობებით, სამხრეთ კავკასიური მილსადენით საქართველო ზამთარ-ზაფხულ თანაბარი მოცულობის გაზს იღებდა, რაც ზამთარში დეფიციტს ქმნიდა, ზაფხულში კი ზედმეტობას.