LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აწყობს თუ არა ხელისუფლებას კორონავირუსის შემთხვევების ზრდა? – „ეს იქნება ჯინი, რომლის გამოკეტვის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს“

173
FORTUNA.GE (38)

არჩევნებადე მხოლოდ ორი თვეა დარჩენილი. ბოლო დღეების მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ცუდზე არ უნდა ვიფიქროთ და ღმერთმა არ ქნას, არჩევნები არ ჩატარდეს.

თუმცა, გარკვეული ბუნდოვანება რჩება. სამყაროს სრული ზამთარი პანდემიის პირობებში არ გაუტარებია და შეიძლება ისეთი ფაქტორები გაჩნდეს, რაზეც ჩვენ ჯერ წარმოდგენა არ გვაქვს. ვიყოთ ოპტიმისტები და ვიფიქროთ, რომ ისეთი პრობლემები არ იქნება ქვეყანაში, რომელიც პოლიტიკური პროცესების შეჩერების საფუძველს არ შექმნის.

ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ ხელისუფლებას არჩევნების წინ აწყობს კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევები და მოსახლეობაში დანერგილი შიში, რომლის გამოც ზოგს არჩევნებზე წასვლა დაეზარება და ზოგიც უბრალოდ იფიქრებს, რომ მმართველი გუნდი ვირუსს კარგად უმკლავდება და მოდი, კვლავ ისინი იყვნენო.

 

მოსაზრებას არ ეთანხმება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებას მსგავსი სვლა არ სჭირდება.

„კორონავირუსი არის ის თემა, რომელიც საშუალებას იძლევა, შევადაროთ რა ხდება ჩვენთან და რა ხდება მეზობელ ქვეყნებში. თუ ჩვენთან რაიმე ისეთი ხდება, რომელიც სხვა ქვეყნებში არ ფიქსირდება, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ეს არის ხელოვნურად გაკეთებული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ თუ ეს პროცესი, რაც საქართველოში მიმდინარეობს,  მეტ-ნაკლებად ჯდება კორონავირუსის ზოგად სურათში, უნდა იძულებული ვიყოთ და ვთქვათ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან კი არ ხდება, ზოგადი პროცესია.  ასეთია დღეს რეალობა“, – ამბობს ძაბირაძე.

ბოლო დღეების ინფიცირების შემთხვევები ბევრია ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. აგვისტოს შუა რიცხვებში შესაძლოა, გვქონდა იგივე ეპიდოლოგიური სიტუაცია და შიდა ტურიზმისთვის ხელის შეწყობა მოხდა?

„საქართველოში ყველაფერი შეიძლება, იფიქრო, მაგრამ ამ ფიქრს საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს? ბათუმში რაოდენობა რომ მოიმატებდა, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა ტურიზმის ძირითადი დაწოლა ამ ქალაქზე მოხდა, მოსალოდნელი იყო. სიტუაცია უფრო გაუარესდა, მაგრამ ხელისუფლებას აბსოლუტურად არაფერში არ აწყობს და არც კორონავირუსის გაზრდილი რაოდენობა და მით უფრო არც მისი დამალვა. თუ რაიმეში აქვს ამ ხელისუფლებას წარმატება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს კორონავირუსთან ბრძოლაა და რატომ დასჭირდება აქ სურათის გამუქება, ან გაიოლება, ეს არ მესმის. თუ ეს უკავშირდება არჩევნებს, ხელისუფლებას აქვს საკმაოდ დიდი ფორა ოპოზიციასთან მიმართებაში. ოპოზიცია სასწაულებს აკეთებს და ხელისუფლებას არ სჭირდება ახალი ხელოვნური სიძნელეების შექმნა, თუ ბარიერების დადება. ძალიან მშვიდად ატარებს საარჩევნო კამპანიას. თუ დააკვირდებით არც საზოგადოებაშია დიდი მოთხოვნები და მოლოდინები რაღაც არაორდინალურობის. ძალიან მშვიდი ვითარებაა მოსახლეობაში ამ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განგვიცხადა ძაბირაძემ.

 

ვახტანგ ძაბირაძისგან განსხვავებით აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ხატია დეკანოიძეს.

„როდესაც სიტუაცია გაუმჭვირვალეა, როდესაც მასობრივი ტესტირება არ გვქონია, სრულიად შესაძლებელია, რომ რაღაც ფონისთვის ხელისუფლებას ეს აწყობდეს. მით უფრო რომ კონტროლის ბერკეტი არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები არ დაემთხვეს გაუარესებას, რომ ხალხი არ დააპანიკონ ზუსტად ამ გაუმჭვირვალე და არაკონტროლირებად მეთოდებით.

შესაძლებელია, ყველანაირად აწყობდეთ, რომ მოსახლეობა შიშის გამო არ წავიდეს არჩევნებზე, შეიძლება რაიმე გათვლები აქვთ. ეს ხომ არაა დემოკრატიული ხელისუფლება. ყოველთვის საგულისხმოა, რომ რაღაც ისეთი გააკეთონ, რომელიც დააზარალებს დემოკრატიის ხარისხს. მე მათგან კეთილგონიერების იმედი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეგულაციები აუცილებლად უნდა შევასრულოთ. უნდა დავიცვათ დისტანცია და პირბადეებით უნდა ვიაროთ“, – განგვიცხადა დეკანოიძემ.

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი  ფიქრობს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას ხელისუფლება გამოიყენებს და ამაში გასაკვირი არაფერია.

„შეიძლება ხელისუფლება იყენებდეს შექმნილ გარემოებას, მაგრამ ის, რომ ხელოვნურად ზრდიდეს სტატისტიკას და ამას რაიმესთვის იყენებდეს, შეთქმულების თეორია მგონია. ასეთ რამეს ვერავინ გარისკავს, გამომდინარე იქიდან, რომ კონტროლირებადი სტატისტიკა შეუძლებელია. ეს არის ჯინი, რომლის ბოთლში გამოკეტვის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. ამან შეიძლება ისე იფეთქოს, რომ სასურველი დივიდენტი უკან შეუტრიალდეს. ამიტომ არ ვფიქრობ, სტატისტიკის მანიპულაციაში ხელისუფლების ხელი ურევია. 

ხელისუფლება ნებისმიერი გარემოების თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება. ოპოზიციონერებს ვკითხავდი, თავად რომ იყვნენ ხელისუფლებაში იგივეს არ გააკეთებდნენ? ეს ბუნებრივია, რომ თუ რაღაცას კარგად აკეთებ, ის წარმოაჩინო. მოდი, ვთქვათ, რომ ხელისუფლებას ბევრი პრობლემები აქვს და ამ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად ერთ პრობლემას, კორონავირუსთან ბრძოლას გაართვეს თავი და ბუნებრივია ცდილობენ, ეს დივიდენტი დაიწერონ. ეს არაა კანონგარეშე ქმედება. მათი საქციელი აბსოლუტურად არაა გასაკვირი და დამერწმუნეთ, ის პარტიები, რომლებიც ამის გამო ყვირიან, მათ ადგილას თვითონაც იგივეს გააკეთებდნენ“, – ამბობს ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

38 ახალი შემთხვევა რეგულაციების გამკაცრების მიზეზი არ უნდა გახდეს