სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ახალი ეკონომიკური საქმიანობის – ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობის შესახებ ენერგეტიკის დარგის კომპანიებთან და ასოციაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
აღნიშნული ახალი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისთვის სავალდებულოა, სადგური მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას აწარმოებდეს და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.
„ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამისთვის მცირე ჰესების, მზისა და ქარის ელექტროენერგიის პროექტების დამატებით კომპანიებსა და კერძო პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენი სააგენტოს დახმარებით ელექტროენერგიის წარმოება დაიწყონ საწარმოებისთვის, სასტუმროებისთვის, სხვა ობიექტებისთვის, თუ პირადი მოხმარებისთვის“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
„ამ პროგრამით საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობა გააქტიურდება, რაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში იქმნება დამატებითი დოვლათი, სამუშაო ადგილები და შემოსავლები,“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
“ბიზნეს უნივერსალის” პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის და არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. მცირე ენერგეტიკის გარდა, „ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებებიც, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.