LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი – მნიშვნელობა და სარგებელი

133
გიორგი კაჭარავა

2019 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით მიღებული საქართველოს საბაჟო კოდექსის შედეგად საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი (AEO) გაჩნდა.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფცია საბაჟოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობაზეა დაფუძნებული. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შეიძლება გახდეს როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე კომპანია.

გიორგი კაჭარავა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი:

– ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. ის ბიზნეს სექტორსა და ფინანსთა სამინისტროს, საბაჟო ორგანოებს შორის პარტნიორულ ურთიერთობაზეა დაფუძნებული და მნიშვნელოვან შეღავათებს აძლევს ბიზნეს სექტორს. რაც მთავარია, ამ სტატუსის მოპოვება არ საჭიროებს რაიმე დამატებით ფინანსურ რესურსს.

– აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად აქვს თუ არა კომპანიის მასშტაბს მნიშვნელობა?

– სტატუსის მოსაპოვებლად არ არის აუცილებელი კომპანიას რაიმე კონკრეტული ბრუნვა ჰქონდეს, აქვე აღვნიშნავ, რომ ფიზიკურ პირსაც შეუძლია ამ სტატუსის მოპოვება. საქართველოში სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. თუკი წელიწად-ნახევრის წინ მხოლოდ ორი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი გვყავდა, ახლა ეს რიცხვი 12-ს შეადგენს.

– რა სარგებლის მოტანა შეუძლია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს?

– ეს არის კომპანიების ნაკლები ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლი, საზღვარზე უპირატესი გავლა, გარანტიისგან გათავისუფლება და სხვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფინანსური რესურსების დაზოგვას კომპანიისთვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სარგებელი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

– რა დრო სჭირდება კომპანიას სტატუსის მოსაპოვებლად, რა პროცედურების გავლა უწევს მას?

– პროცედურულად რიგი კრიტერიუმები არსებობს, რამდენიმეს ვახსენებ – ეს არის კომპანიის ფინანსური მდგრადობა, მას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი სამართალდარღვევა და უნდა ჰქონდეს განხორციელებული ოპერაციებისა და საქონლის ნაკადების შესაბამისი კონტროლის მაღალი დონე. რაც შეეხება ვადებს, ყოფილა შემთხვევები, რომ კომპანიას სტატუსი ერთ თვეშიც კი მიუღია, თუმცა პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 6 თვე და მეტი ხანიც, ეს დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე, მის მზაობაზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ფინანსთა სამინისტრო და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო განაცხადის შეტანამდე კომპანიებს მნიშვნელოვან კონსულტაციას უწევენ. სასურველია, თუ კომპანიები განაცხადის შეტანამდე თვითშეფასების კითხვარს შეავსებენ. მისი მეშვეობით ექნებათ წარმოდგენა, რა შეიძლება ჰქონდეთ გამოსასწორებელი იმისთვის, რომ შემდეგ დადებითი მოლოდინი ჰქონდეთ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. აქვე დავამატებ, რომ ფინანსთა სამინისტრო არ ახორციელებს კომპანიის სრულ აუდიტს, შემოწმება მხოლოდ იმ პუნქტების მიმართულებით ხდება, რაც მნიშვნელოვანია ამ სტატუსის მოსაპოვებლად, მაგალითად, კომპანიას ჰყავს თუ არა შესაბამისი პიროვნება საბაჟო კუთხით, დაცული არის თუ არა საწყობი, აქვს თუ არა პაროლები კომპიუტერზე და ა.შ.

– რა შემთხვევაში შეიძლება შეუჩერდეს კომპანიას სტატუსი?

– თუ რაიმე ისეთი ცვლილება განხორციელდება კომპანიაში, რომელიც ხელს უშლის ამ კომპანიის ოპერირებას სტატუსის მიზნებიდან გამომდინარე, თავადვე უნდა აცნობოს ფინანსთა სამინისტროს და ამ შემთხვევაში შეიძლება შემოწმდეს ის და დროებით შეჩერდეს სტატუსი. მაგალითად, კომპანიისგან წავიდა ის თანამშრომელი, რომელიც საბაჟო საკითხებზე მუშაობდა, ეს აუცილებლად უნდა ეცნობოს ფინანსთა სამინისტროს ან კომპანიამ აუთსორსინგზე უნდა აიყვანოს სხვა პიროვნება. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს წელიწადში ერთხელ შეუძლია გადაამოწმოს, განხორციელდა თუ არა კომპანიებში რაიმე ცვლილება, თუმცა, ზოგადად, სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ და შენარჩუნება, ცხადია, მნიშვნელოვანია.

– რატომ გვყავს ქვეყანაში ჯერჯერობით მხოლოდ 12 ოპერატორი?

– ამ საკითხში გამოწვევად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ პროცედურები იმდენად კომფორტულია სხვა მიმართულებით შემოსავლების სამსახურთან, კომპანიები მასთან ელექტრონული სისტემის მეშვეობით ურთიერთობენ, რომ ფიქრობენ, რომ ეს სტატუსი შეიძლება აღარ სჭირდებოდეთ, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სარგებელი, რომ ვფიქრობ, ყველა კომპანია უნდა დაფიქრდეს ამ სტატუსის მიღებაზე. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ირიბი სარგებელიც – ეს არის უფრო საიმედო პარტნიორად აღიარება სხვა პარტნიორების მხრიდან, ასევე, ურთიერთმოლაპარაკებების შედეგად სხვა ქვეყნებთან იგივე სარგებლის მიღება. მაგალითად, ურთიერთაღიარებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია კონსულტაციები თურქეთთან, ევროკავშირთან კი მოლაპარაკებების დაწყებას ველოდებით.  აქვე აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მთავრობის მიერ ხორციელდება – ეს არის ერთიანი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში დაინერგება. ეს ნიშნავს, რომ ერთიანი დოკუმენტაციის მეშვეობით ევროკავშირის ქვეყნებში, და არა მხოლოდ, შესაძლებელი იქნება ტვირთის ექსპორტი და იმპორტი. ეს არის ტირის ალტერნატივა, კომპანიები ყველა საზღვარზე უბრალო მონიშვნით გაივლიან, ყოველგვარი დამატებითი შეფერხების გარეშე, ხოლო იმ კომპანიას, რომელსაც ექნება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი, არ მოეთხოვება საბანკო გარანტიის წარდგენა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი იქნება.

– რა მიმართულებით საქმიანობენ და რა მასშტაბის არიან ის კომპანიები, რომლებმაც საქართველოში უკვე მოიპოვეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი?

უპირველესად აღვნიშნოთ, რომ ეს კომპანიები უნდა იყვნენ საქართველოში დაფუძნებულნი ან წარმოადგენდნენ უცხოური კომპანიების აქ დარეგისტრირებულ ფილიალებს. ჩვენთან სტატუსი ამ ეტაპზე მოპოვებული აქვთ როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს. სტატუსის მქონეთა შორის არიან ექსპორტიორები, იმპორტიორები, საბაჟო საწყობები და გადამზიდავი კომპანიები.

– სად შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსთან დაკავშირებით?

– მოკლე საინფორმაციო ბროშურა განთავსებულია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ვებგვერდზე, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში და მით უფრო, პირველადი კონსულტაციის შემთხვევაში, შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართონ.