LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსების დამატება არ შეიძლება: აბა რაშია გამოსავალი

42
251648007_0_0_3072_1728_1920x0_80_0_0_f07b98cfc72edadc8e0f38df4b45c44a

დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას იწვევს საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ავტობუსებისა და ავტომანქანების გარკვეული რაოდენობის გატარებას ვერ ახერხებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ პრობლემას ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა ვერ მოაგვარებს.

„მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, რომ ტრანსპორტის დამატებით პრობლემა მოგვარდება. კიდევ ავტობუსები რომ დავამატოთ, ეს მეტ პრობლემას შექმნის და შეუძლებელი გახდება გადაადგილება. უნდა აღინიშნოს, რომ კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 8%-ით იზრდება. შესაბამისად, გამოსავალია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქში ყოველდღიურად ხორციელდება მონიტორინგი, რაც ტრანსპორტით გადაადგილებისას არსებულ შეფერხებებს ხსნის.

„დედაქალაქში გვაქვს, დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი, სადაც გზების შეზღუდული გამტარუნარიანობის გამო, დაგეგმილი ბრუნების, დაახლოებით, 30% ვერ სრულდება. ეს ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდში საზოგადოებას განახევრებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება, რაც ერთი მხრივ, ზრდის მოლოდინის დროს და მეორე მხრივ, ვიღებთ გადავსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამ შეფერხების მიზეზი რამდენიმე კვანძია, მათ შორის, მარშალ გელოვანის კვანძი, სადაც გათვლებმა აჩვენა, რომ პიკურ დროს ნაკადების 15%-ის შემცირებით, აღნიშნული კვანძი ავტომობილებს დასაშვები სიჩქარით გაატარებს. ამდენად, თუ პრობლემურ კვანძებს განვაზოგადებთ მთლიანი ავტომობილების რაოდენობაზე, გადაადგილებისთვის საჭირო 8-10%-სთვის მაინც გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ვფიქრობთ, რეალურია და სრულიად შესაძლებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამ მხრივ, ყველა ევროპულმა ქალაქმა გაიარა ის გზა, რასაც ახლა თბილისი გადის.

„ათეული წლის წინ ყველა ევროპულ ქალაქში, პარიზში, მილანში და ა.შ. იგივე პრობლემები იყო, რაც ჩვენთანაა. შესაბამისად, საუკეთესო პროექტების გადმოტანა მნიშვნელოვანია. მადლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ყველა კომპანიას, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში გვეხმარება“, – განაცხადა თბილისის მერმა.