LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილის სრულიად განსხვავებული კოლექციით „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ გაიხსნა (ფოტო+ვიდეო)

375

ავთანდილ ცქვიტინიძის შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციით 4 მაისს „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ გაიხსნა. ყველა, ვინც ქართველი დიზაინერის ახალი ნამშევრები ნახა, შეთანხმდა, რომ ეს კოლექცია წინა ჩვენებებისგან ბევრად განსხვავებულია და სიახლეა მის შემოქმედებით ცხოვრებაში. ამ მოსაზრებას თავად დიზაინერიც ეთანხმება, რომელიც ამბობს, რომ საკუთარი თავის ძიებაში იყო, წინა სეზონების განმავლობაში, ახლა კი, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ახალი სუნთქვა გაეხსნა…

კოლექცია თანამედროვე ტენდენციებისა და მიმართულებების გათვალისწინებითაა შექმნილი, თუმცა აქვს დიზაინერის ხელწერა, რომლის გამორჩევაც მისი შემოქმედების დამფასებლებს ძალიან ადვილად შეუძლიათ.

რამდენად მოიგებს ამგვარ ორიგინალურ კოლექციას ქართველი მომხმარებელი, ეს კიდევ ერთი კითხვაა, რომელიც კოლექციის ნახვის შემდეგ გაგიჩნდებათ. ფართო, დიდი ზომის მკლავები, გამჭირვალე სამოსი, ძირითადი ქსოვილები: ხავერდი და დუტი… სამოსი ბევრი დეტალითაა დახუნძლული.

ავთანდილის კოლექცია ძალიან მალევე, პროფესიონალური ფოტოსესიის თანხლებით, „ვოგის“ ოფიციალურ საიტზე მოხვდა.

ავთანდილი:

იმხელა ენერგია დამიგროვდა ბოლო პერიოდში… სიმართლე გითხრათ, რამდენიმე სეზონი ძიების პროცესში ვიყავი და ბოლომდე ჩემს სათქმელს ვერ ვამბობდი. ეს არის ქალი, რომელშიც ზის სიყვარულიც, დემონიც, კარგიც, ცუდიც, არ მინდა, ვთქვა გაცვეთილი ფრაზა, რომ ჩემი კოლექციის ცენტრში დგას ძლიერი ქალი, მაგრამ ეს არის ქალი პრეტენზიით ცხოვრებაზე, თუმცა პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ და მაგრად არ აინტერესებს, რა ხდება დედამიწაზე (იღიმის).

მისი შექმნის მოტივატორი გახდა ჩემი ენერგეტიკული ფონი ბოლო პერიოდში…

ავთანდილის ჩვენებაზე, მოდის კვირეულის ორგანიზატორების მიერ მოწვეული უცხოური პრესის წარმომადგენლებისა და ბაიერების გარდა, ასევე მიწვეულნი იყვნენ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები და მისი მაღაზიის კლიენტები.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ შეაფასეს ავთანდილის ახალი ნამუშევრები.

დალი ჩიტალაძე:

ეს იყო ავანგარდი, ყველაფერი ის, რაც დღეს უნდა მოხდეს მოდაში. ეს არის რევოლუცია. მოდა რა არის? თუ რევოლუცია არ მოახდინე, არ არის საინტერესო. ეს იყო ავთო, მაგრამ სხვანაირი, ჩემთვის ესე იყო, ყოველ შემთხვევაში. ერთფეროვნება არასდროს მომწონს. თავადაც შევარჩიე კოლექციიდან რამდენიმე სამოსი. მე არ ვუშინდები ექსპერიმენტებს, ოღონდ ლოგიკურს, ჩემ თავთან ლოგიკურად ასოცირებულს. პირიქით, საინტერესოა… საკმაოდ ტენდენციური კოლექციაა. არის დიდი მხრების ტენდენცია, მთავარია, მოიხდინო და ჩაიცვა ისე, რომ საინტერესო გახდე საზოგადოებისთვის.

ქართველი მომხმარებლისთვის რამდენად ორგანული იქნება ამგვარი ორიგინალური კოლექცია?

ქართველი მომხამრებელი, ზოგადად, ძალიან ფრთხილია. ნელა შედის ეშხში სიახლეების. არა უშავს, მიეჩვევიან, დროს არ უნდა ჩამორჩე (იღიმის).

ია კიწმარიშვილი:

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ ავთანდილს ყოველი კოლექცია განსხვავებულია. თუმცა ჩემი აზრით, ბოლო წლების ნამუშევრებში ხშირადააა ძლიერი ქალის ჩვენების მცდელობა. დღევანდელი კოლექცია, ვფიქრობ, კიდევ უფრო გამოხატავს ძლიერი ქალის იმიჯს, მხრების სილუეტით, ვერცხლისფერი დეტალებით. ეს მხრები აბჯარს ჰგავდა, თუმცა ქალური სილუეტი არ ჰქონია დაკარგული. პირადად ჩემთან ძალიან ახლოს დგას ასეთი ჩაცმულომა. თუ ძლიერი ქალის ჩვენებას ცდილობდა, ვფიქრობ, ავთანდილს ეს გამოუვიდა. დიზაინერს ვულოცავ დღევანდელ ჩვენებას, ხოლო ქართველ ქალებს ვუსურვებ, რომ თუნდაც ამ კოლექციის მორგებით გამოხატონ თავიანთი ქალური სიძლიერე. სავსებით მისაღებია თუნდაც ყოველდღიურად ჩასაცმელად, მოხერხებული კოლექციაა, პატარა საინტერესო დეტალებით…

აჩიკო მეფარიძე:

მე ყოველთვის სუბიექტური ვარ ავთანდილის მიმართ, რადგან ის იყო ჩემი პირველი დიზაინერი, თუკი რაიმე გამიკეთებია, პირველი აგურისფერი კოსტიუმიდან დაწყებული, ყვეალფერი მისი შექმნილი. ძალიან მიყვარს ავთო, ფანტასტიკური ადამიანი და უნიჭიერესი პიროვნებაა. მამაკაცის არც ერთი კოსტიუმი არ ყოფილა აქ წარმოდგენილი, მაგრამ მე ხომ ვიცი, მამაკაცისთვის როგორ კერავს. მას აქვს შენახული კიდევ დიდი პოტენციალი და ვფიქრობ, კიდევ გაგვაოცებს.

ასე ჩაცმული ქალი თქვენთვის საინტერესო იქნებოდა?

იყო ისეთი კოსტიუმები, რომლებიც ძალიან მომეწონა, მათ შორის ერთი შავი კაბა, რომელიც მაღლიდან იყო გახსნილი. ასევე ძალიან მომეწონა თამბაქოსფერი დუტის ფაქტურა.

ზოგადად, ახლა ძალიან აიჭრა მოდა. ხომ იყო ხოლმე წლების განმავლობაში, ხან ვიწრო მხრები იყო მოდური, ხან ფართო, ახლა ზოგს ფართო აქვს, ზოგს წვრილი. ვერ გაიგებ. მე ძალიან მომწონს ასეთი მრავალფეროვნება.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები