LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილის ქაოტური წესრიგი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში (ფოტოები)

294

„ქაოტური წესრიგი“ – ასე შეიძლება დავახასიათოთ ორი სიტყვით ავთანდილ ცქვიტინიძის ახალი კოლექცია, რომლითაც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე მოწყობილ კომფორტულ სივრცეში 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ნამუშევრები წარადგინა. თეთრი, წითელი, მწვანე, პასტელური ფერები, უამრავ, მათ შორის მბზინავ და ბრჭყვიალა ფაქტურასთან თამამი თამაში და მრავალნაირი ტიპის სამოსისა და ნაჭრის ერთ ლუქში გაერთიანება არის ის, რაც დიზაინერმა ძალიან წარმატებულად მოახერხა. საინტერესოა, რომ აქ ნახავთ როგორც ძალიან ქალურ იმიჯებს, მათ პარალელურად, ბიჭური, ხულიგნური ტიპის ჩაცმულობებსაც, რომელთა მოხდენა გოგონებს ასე კარგად შეუძლიათ ხოლმე… ავთანდილის კოლექციაში ასევე ნახავთ შარვლებზე მორგებულ ქვედაბოლოებსა და კაბებს, რომლებიც დამსწრე საზოგადოებისთვის მისაღები შეხამება აღმოჩნდა.

ავთანდილი:

დღეს პოდიუმზე წარმოდგენილი გახლდათ ქალი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებს თავის გარდერობს და სწორად აკეთებს საქმეს. ის არ ჰყვება ემოციებს და არჩევს ტანსაცმელს იმისთვის, რომ იყოს ყველაზე ეფექტური, მომხიბვლელი. ის მუდამ ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას.

ავთო, მას შემდეგ, რაც ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, Mary J. Blige-მა მოირგო თქვენი ჯინსის ორეული, კიდევ თუ გვექნება საშუალება, ვიხილოთ სხვა ცნობილი ვარსკვლავები თქვენს სამოსში?

კი, რა თქმა უნდა. ჯერ ვერ გეტყვით, ვინ მოირგებს ჩემს სამოსს, სანამ მასალები არ დაიდება, მაგრამ მალე კიდევ ერთხელ გაგახარებთ (იღიმის).

ლელა წურწუმია:

ავთოს ყოველთვის ველოდები, რადგან მუდამ განსხვავებულია. ასე ვთქვათ, მის მაჯისცემაზე მიდევს ხელი და სულ ვფიქრობ, რას გამოიტანს ახალს. მსოფლიო მოდაში ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება, დრო მალე გადის. ასეთ სიტუაციას, დინამიკას აუწყო ნაბიჯი და იყო გამორჩეული, საინტერესო და წარმატებული, ძალიან რთულია.

ავთო არის გამორჩეული ადამიანი, რომელმაც საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია და ნებისმიერი შემოსავლის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება დღევანდელ კოლექციას, რომელიც ბრწყინავდა, ძალიან მომეწონა ავთოს ჯინსი… ოტ კუტიური, რასაც ავთო აკეთებს, ჩემს გარდერობში მრავლადაა წარმოდგენილი და მიხარია, რომ ის ნამუშევრები მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი (იღიმის).

თქვენ კლასიკური, აკადემიური იმიჯის მოყვარული ხართ. მბზინავი და ბრჭვიალა ქსოვილები თქვენს გარდერობში რამდენად მისაღებია?

ძალიან მომწონს. სხვათა შორის, ბოლო დროს ბრჭვიალას მეც ვიყენებ, ლამაზია, სცენას უხდება, განწყობასაც ამაღლებს…

შარვალი კაბაზე?..

შარვალზე კაბა ადრე სულ მეცვა ხოლმე. 17-18 წლის წინ ამბებს ვიხსენებ. ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია, უბრალოდ, შემოდის ახალი ფორმებით. დააკვირდით, რომ გადახედოთ 20 წლის წინანდელ კოლექციებს, ფაქტობრივად იგივეა, რაც დღეს, უბრალოდ, ოდნავ შეცვლილი ფორმით. ვერასდროს ვიფიქრებდი იმას, რასაც „ბალენსიაგა“, დემნა გვასალია აკეთებს – ვერ ვიფიქრებდი, რომ მოდაში წვეტიანი ფეხსაცმელი დაბრუნდებოდა და ერთ-ორ ფეხსაცმელს წვეტი მოვაჭერი კიდეც, რასაც ახლა ვნანობ (იცინის). მოკლედ, არაფრის გადაგდება და შეცვლა არ ღირს, მით უმეტეს, იმის, რაც ვინტაჟურია.

თამუნა ინგოროყვა:

ავთო არის ჩემი კოლეგა და ძალიან ახლო მეგობარი. ვულოცავ დღევანდელ დღეს. სულ წარმატებულია, ვგულშემატკივრობ და ის საქართველოს საამაყო დიზაინერია, პირველი და განუმეორებელი. მუდამ დატვირთული კოლექციები აქვს, ბევრი რამ მომეწონა და ბევრ რამეს მოვირგებდი…

 

ავთანდილის ჩვენებით  2 ნოემბერს „თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში უამრავი საინტერესო ჩვენება იმართება, წამყვანი ქართველი დიზაინერები საკუთარ კოლექციებს არა მხოლოდ ქართველი მაყურებლისა და შემფასებლის, არამედ 70-მდე უცხოელი სტუმრის წინაშე აჩვენებენ, რომელთა შორის ცნობილი და პრესტიჟული გამოცემების ჟურნალისტები, სოციალურ ქსელში აქტიური ბლოგერები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბაიერები არიან.

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: რუსთაველის თეატრი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები