“TVპირველის” მფლობელმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის გირაო შეეფარდა, გაასაჩივრა.
ადვოკატის მოთხოვნა უცვლელია, ის ავთანდილ წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.
“მიგვაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. საფრთხე იმისა, რომ ის მიემალება გამოძიებას, ან მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს, არ არსებობს. საჩივარში ვცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ თავად ბრალდების დადგენილების აღწერილობითი ნაწილი არ შეესაბამება იმ დასკვნებს, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს.
საჩივრის განხილვის ვადები გარკვეულ ტექნიკურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული და ალბათ, დაახლოებით, 5-6 დღე დასჭირდება. რაც შეეხება გადახდის საკითხს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით,” – განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.