საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში დასახელდა. საქსტატის ცნობით, ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ODIN-ის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთო შეფასებამ 69 ქულა შეადგინა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 8 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 39-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა.
“ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა) და ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში დასახელდა. იმავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა: იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი და ინდონეზია. ამასთან, ODIN-ის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა რეიტინგით ისეთი ქვეყნების დონეზეა, როგორიცაა – ავსტრია, შვეიცარია და მექსიკა. ODIN-ის დანიშნულებაა ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტური შეფასება, რომელიც ეფუძნება ღია მონაცემთა განსაზღვრებას. მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით მონაცემთა აღწერასა და ცვლილებების შეფასებას Open Data Watch უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. შეფასების ელემენტები კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით ხელმისაწვდომია ბმულზე: https://odin.opendatawatch.com/Report/countryProfileUpdated/GEO?year=2020
ამასთან, სისტემა წლების მიხედვით, მონაცემების შედარების საშუალებასაც იძლევა. 2020 წელს ღია მონაცემთა შეფასება 187 ქვეყანაში ჩატარდა, რამაც მოიცვა 22 სტატისტიკური კატეგორია და 65 მაჩვენებელი. შეფასების მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერობს და პირველ ადგილზეა. შეფასება მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ეროვნული ანგარიშები, მოსახლეობა და დემოგრაფია, დასაქმების, უმუშევრობის და ფასების სტატისტიკა, განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართალდარღვევების სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, სახელმწიფო ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, საგადასახდელო ბალანსი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და სხვ. თითოეული მაჩვენებლის მიხედვით შეფასების მეთოდოლოგია განთავსებულია Open Data Watch-ის ვებ-გვერდზე”, – წერია საქსტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://odin.opendatawatch.com/Downloads/otherFiles/ODIN-2020-ExecutiveSummary.pdf