ავსტრიაში თავშესაფრის მაძიებელმა 840 ევრო უნდა გადაიხადოს და მობილური ტელეფონი ჩააბაროს. აღნიშნული თანხით თავშესაფრის მიღების განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება, ხოლო მიგრანტის ტელეფონებში მონაცემები შემოწმდება .ინფორმაციას გერმანულენოვანი გამოცემა Zeit-ი ავრცელებს.
თავშესაფრის მინიჭების ახალი წესების თანახმად, თუ თავშესაფრის მაძიებლები დროებით სამშობლოში დაბრუნდებიან, ისინი ავსტრიაში ცხოვრების უფლებას დაკარგავენ. ამასთან, კრიმინალური დანაშაულისთვის ძებნილი მიგრანტების დაუყოვნებლივი დეპორტაცია მოხდება. როგორც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ კიკლმა განაცხადა, მთავრობის მიზანია, შეწყდეს ავსტრიის თავშესაფრის მინიჭების სისტემის ბოროტად გამოყენება.
ავსტრიის მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში წარუდგენს.