ვენის “რაპიდის” ფორვარდი გიორგი ქვილითაია ავსტრია-საქართველოს შესარჩევი მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი. მან კომენტარი მისცა ავსტრიულ Krone-ს.
“შანსები 40/60-ზეა საქართველოს სასარგებლოდ. ავსტრიას დავამარცხებთ. ისე, ვენაში ავსტრიელების წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.
…არ ვამბობ, რომ ზოგადად ავსტრიელებზე ძლიერები ვართ. პირიქით, მათ უკეთესი გუნდი ჰყავთ, ორი ვარსკვლავი ჰყავთ ალაბასა და არნაუტოვიჩის სახით, თუმცა ამ მატჩს მოვიგებთ”.
ავსტრიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 5 სექტემბერს, ვენაში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი მარსელ კოლერი საქართველოსთან მატჩში ორ ფეხბურთელს მოისაკლისებს: ცენტრალური მცველი სებასტიან პრიოდლი (“უოტფორდი”) და შემტევი ნახევარმცველი მარსელ საბიტცერი (“ლაიპციგი”) 2 სექტემბერს, უელსთან თამაშისას დაშავდნენ.
პრიოდლი ფილიპ ლენჰარტმა (“ფრაიბურგი”) შეცვალა, ხოლო საბიტცერის ნაცვლად მაქსიმილიან საქსი (“ადმირა ვაკერი”) გამოიძახეს. არც ლენჰარტს და არც საქსს ეროვნულ ნაკრებში არასოდეს უთამაშიათ. ლენჰარტი პირველად არის სანაკრებო შეკრებაზე.
შეგახსენებთ, ავსტრია-საქართველოს მატჩი ვენაში 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.