LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში უფროსისთვის ტელეფონის გათიშვის უფლების დაკანონებას აპირებენ

133
mobile

Reuters-ის ცნობით, ავსტრალიაში აპირებენ შემოიღონ კანონი, რომელიც დასაქმებულებს არასამუშაო საათებში უფროსების ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების უპასუხოდ დატოვების უფლებას მისცემს, ამის გამო თანამშრომლისთვის საყვედურის გამოცხადების შემთხვევაში კი დამსაქმებლები დაჯარიმდებიან.

ავსტრალიის ფედერალური ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნული კანონი ნაწილია იმ ცვლილებებისა, რომლებიც წარმოებით ურთიერთობებში იგეგმება დასაქმებულთა უფლებების დასაცავად და საქმესა და პირად ცხოვრებაში ბალანსის აღსადგენად.

კანონს ავსტრალიის პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს განიხილავს.

ზოგიერთი ავსტრალიელი პოლიტიკოსის, დამსაქმებლისა და კორპორაციული ლიდერის განცხადებით, უფროსისთვის ტელეფონის გათიშვის უფლების დაკანონება მეტისმეტია და ის უარყოფითად იმოქმედებს მოქნილ მუშაობასა და კონკურენტუნარიანობაზე.

მემარცხენე მწვანეების ლიდერის ადამ ბანდტის თქმით, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად კანონის ინიციატორია, ავსტრალიელები ყოველწლიურად, დაახლოებით, ექვს კვირას ზეგანაკვეთით ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აუნაზღაურებელი თანხა 92 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს (უდრის 60.13 მილიარდ აშშ დოლარს) შეადგენს.

„ეს დრო თქვენია და არა თქვენი ბოსის!“ – მიმართავს ადამ ბანდტი დასაქმებულებს.

ცნობისთვის, მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს საფრანგეთში, ესპანეთსა და ევროკავშირის წევრ სხვა რამდენიმე ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები