კონგრესში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოსმენა გაიმართა, სადაც მან აშშ-ის ძალების გაყვანის საკითხზე ისაუბრა და კანონმდებლების მწვავე შეკითხვებს უპასუხა.
ბლინკენმა უარყო ბრალდებები, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა ამერიკელებისა და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუირებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ავღანეთიდან ძალების გაყვანის საკითხზე შეთანხმება ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და „თალიბებს“ შორის მოხდა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მისი გადახედვა არ შეეძლო, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ დაჯგუფება ამერიკელების მკვლელობას განაახლებდა.
„არ არსებობს მტკიცებულება, რომ მეტი ხნით დარჩენა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ან მთავრობას უფრო მეტად მდგრადს ან დამოუკიდებელს გახდიდა. ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ვადა – ჩვენ არ მიგვიღია გეგმა“, – განაცხადა ბლინკენმა.
მან ევაკუაციის პროცესზეც ისაუბრა და ის შეაფასა, როგორც “გმირული ძალისხმევა”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების და არა „თალიბანის“ მეშვეობით.