კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ, ორბელიანის მოედანზე, რამდენიმე დღეა, ძველი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. როგორც ადგილზე დასაქმებული მუშები ყვებიან, მალევე დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქციაც.
შენობის დემონტაჟისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზებას “თბილისის განვითარების ფონდი” ახორციელებს. ფონდის წარმომადგელის, ნათია ქემაშვილის, თქმით, ამჟამად ფხოვის ქუჩა N3/8-ში მიმდინარეობს ავარიული შენობის დემონტაჟი, რის ნაცვლად ახალი ნაგებობა აშენდება.
“თბილისის განვითარების ფონდი” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და “ფორტუნასთან” ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე, კერძოდ ფხოვის ქუჩა N3/8-ში, კონსტრუქციის მოხსნაზე საუბრობს.
“ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ლითონ-პლასტმასის ე. წ. „საჩრდილობელი“, არ წარმოადგენს ისტორიულ ღირებულებას. იგი საბჭოთა პერიოდში, XX საუკუნის 80-იან წლებში შენობას კეთილმოწყობის მიზნით დაემატა. კონსტრუქცია ჩამოიხსნა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ დასაწყობდა.
“ასევე, დაგეგმილია მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა, რომლისთვისაც საჭიროა ტერიტორიის მომზადება სამუშაოების დასაწყებად. პროექტის ბოლო ეტაპზე, ორბელიანის არეალში ჩატარდება კეთილმოწყობის სამუშაოები და რედიზაინი.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ორბელიანის არეალის ისტორიულობიდან გამომდინარე, თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება სამუშაოებს და მთელი სარესტავრაციო პროცესი ძეგლებზე მომუშავე კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, პროექტების ავტორების უშუალო ჩართულობით წარიმართება,” – განგვიცხადეს თბილისის განვითარების ფონდში.
გუშინ სოციალურ ქსელში მომხმარებელი, მარიკა ბაკურაძე, ლაივ-ჩართვას ავრცელებდა. ბაკურაძის თქმით, შენობას, რომელსაც გუმბათოვანი გადახურვა მოხსნეს, რეაბილიტაციის შემდეგ გუმბათები აღარ შეუნარჩუნდება.
თათია კაკიაშვილი