გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. შემთხვევა თამარ მეფისა და რომელაშვილების ქუჩის კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ და ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.