LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია ვერ დარჩებოდა გულგრილი“ – საპატრიარქო ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამა გიორგიზე

512
mamaladze-gimili

საპატრიარქო ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტთა დასკვნა საზოგადოებისთვის საჯარო იყოს. 

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული დასკვნით [რომელსაც ოჯახი არ ეთანხმება] გიორგი მამალაძის ,,ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს.

„ფორტუნა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით უკვე შვიდი თვეა საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ იგი მძიმედაა ავად და ამ მოტივით ითხოვდნენ შუამდგომლობას ეკლესიისგან და შეწყალებას ხელისუფლებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს (და ამის პასუხად ჩვენი პოზიცია ბოლოს ა.წ. 26 თებერვლის განცხადებაში დავაფიქსირეთ), ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია მაინც ვერ დარჩებოდა გულგრილი და გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო საფუძველი იქნებოდა; ვინაიდან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქომ არაერთხელ მიმართა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველს რეალობის გასარკვევად. 

სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ბუნდოვანი პასუხი მოგვცა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან სამი კვირის წინ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის თანხმობა უნდა ყოფილიყო დაზარალებულის მხრიდან.

ეს პასუხი საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა და ველოდებოდით პატიმრობაში მყოფისაგან გამოხმაურებას, რაც არ მომხდარა.

ა.წ. 1 ოქტომბერს კი უკვე საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ-ტაიმმა’’ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ,,ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს.’’ 

ექსპერტების დასკვნით, დეკანოზ მამალაძეს საჭირო სამედიცინო დახმარება არ უტარდება - ომბუდსმენი

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მამალაძის მდგომარეობა ექსპერტების მიერ შეფასებულია როგორც რთული.

ცოტა ხნით ადრე დაიბეჭდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წერილი, სადაც იგიც აღნიშნავდა, რომ, კვლევების შედეგებით დეკანოზის მხრიდან ავადმყოფობის სიმულაციას (მოგონებას) აქვს ადგილი, თუმცა არ ეთანხმება ექსპერტების დასკვნას და უნდობლობას უცხადებს მათ.

თუ მამალაძის მხარე ასე მართლაც ფიქრობს, ალბათ, მოითხოვენ მათი ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი ექსპერტების, ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ, მაგრამ თუ აღნიშნული შეფასება სიმულაციის შესახებ ეჭვქვეშ ვერ დადგება, სიტუაცია რადიკალურად იცვლება და მამა გიორგის და მის დამცველთა ქმედება სულ სხვა კუთხით წარმოჩინდება, რაც მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს.

ვფიქრობთ, აუცილებელია ექსპერტთა დასკვნა სრულად იქნას საზოგადოებისთვის მიწოდებული, რათა გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები