ერთხელ გაზიარებული ვიდეო და თაყვანისმცემლების დიდი არმია. ,,ფორტუნა სთორის’’ გმირი 13 წლის ანა უზნაძეა, რომლის ცხოვრებაც ერთ ღამეში შეიცვალა.
ასაკთან შედარებით, მეტად გააზრებული და ჩამოყალიბებული პიროვნული თვისებებით გამორჩეული გოგონა ფიქრობს, რომ წინ კიდევ უამრავი წარმატება ელის და ამისათვის ძალიან ბევრს მუშაობს.
,,ქუჩაში, რომ გავდივარ ხალხი მცნობს, მეგობრებს რა თქმა უნდა უხარიათ, ჩემს ახლობლებს და მასწავლებლებსაც”, ამბობს ანა.
აღსანიშნავია, რომ ანას მუსიკალურობა ოჯახის დამსახურებაა, რადგან მამა დავით უზნაძე ლოტბარია, ანსამბლ “ფესვების” სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი დედა თამარიც მუსიკოსი გახლავთ.
,,ფორტუნა სთორის” გმირი ამბობს, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება მის შინაგან სამყაროსთან თანხვედრაშია, ამიტომ მისი სიმღერების შესრულება განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.
,,როდესაც მომწონს სიმღერა, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ძველი თუ ახალი თაობის, როდესაც სიმღერა ზის ჩემს ხასიათში და მას ვირგებ ვფიქრობ, რომ ყოველთვის კარგი გამოვა” – ამბობს ანა.
მან ისიც აღნიშნა, რომ მომავალში რეპერტუარის გამრავალფეროვნებას და ბევრ სიახლეს გეგმავს.