საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას თავისუფალი არჩევანი დანაშაულებრივმა რეჟიმმა მოპარა და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ეტაპზე ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი კონკრეტული პირი, თუნდაც პირადად ის. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გვერდზე დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციური ერთიანობა საჭიროს ჩათვლის მის საქართველოში ჩამოსვლას, ის ყველა გზას იპოვის სამშობლოში “ჩამოსაღწევად.”
“მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს დავბრუნდე, არამედ იმის გამო, რომ არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება. ივანიშვილმა მთელი საქართველოს დღევანდელ და მომავალ თაობებს წაართვა პერსპექტივა.
მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, თუნდაც ეს იყოს ჩემი მოკრძალებული პიროვნება.
მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე თანამდებობა ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი.
მე არ მივისწრაფი რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის.
ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ოლიგარქის მიერ ჩატარებული მანიპულაციების წინააღმდეგ, რადგან ეს უსამართლობა არ შერჩეს ივანიშვილს.
აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასეხარისხოვანია მაშინ, როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა. მაშინ, როდესაც უკვე მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილმა აღნიშნული განცხადება წუხელ საღამოს “მთავარი არხის” ეთერში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არცერთი მათგანის არ ეშინია და დადგა, დრო რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს.