აუდიტის სამსახურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 – 2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაციისას 1 116 000 მილიონ ლარზე მეტი არარაციონალურად დაიხარჯა.
აუდიტის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად მშენებლობის ე.წ. Design-Build მეთოდი შეირჩა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო 5 829 000 მილიონ ლარზე მეტი.
ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ და სატენდერო წინადადების უმცირესი ფასის წარმომდგენმა გაიმარჯვა – შპს “დიკა 2010”, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით – 5 192 000 ლარი.
“სამშენებლო პროექტების განხორციელების DB მეთოდის ერთ-ერთ უარყოფით მხარეს წარმოადგენს შესყიდვის საშუალებად ტენდერის გამოყენების სირთულე (გარდა ტიპური პროექტების განხორციელების შემთხვევებისა). იმის გამო, რომ აღნიშნული მეთოდი გულისხმობს საპროექტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ერთი კონტრაქტორისგან შესყიდვას, ტენდერის გამოცხადების ეტაპზე არ არსებობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა), რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სწორად განფასდეს შესასრულებელი სამუშაოები და შედეგად, ადეკვატურად განისაზღვროს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, ასეთ შემთხვევაში ტენდერებში ფასების კლებაც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება დაფიქსირდეს და მაღალი რისკი არსებობს იმისა, რომ რეალურ საბაზრო ღირებულებამდე ვერ ჩამოვიდეს (რადგან თვით პრეტენდენტებსაც არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა ფასის ადეკვატურობაზე და დაზღვევის მიზნით შესაძლოა მაღალ ფასებზე შეაჩერონ შეთავაზება),- წერია ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშვის მიხედვით, თსუ-ის II კორპუსის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის ღირებულების გაანგარიშების დროს არ გაითვალისწინეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფები, ხოლო ნებართვების ღირებულების, რომელიც აუდიტის ინფორმაციით ასევე გაზრდილია, დადგენას არ ესაჭიროებოდა ბაზრის კვლევა, რადგან ის მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცემა და მისი ფასები ფიქსირებულია.