LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცრელობის გამო ჯოკოვიჩს საფრანგეთის ღია პირველობაზეც არ დაუშვებენ

79
ნოვაკ ჯოკოვიჩი

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, Australian Open-ის 9-გზის გამარჯვებული, ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება, საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირზე არ დაუშვებენ.

საფრანგეთის სპორტის მინისტრის თქმით, საფრანგეთის ახალი კანონი, რომ ტურნირებზე მხოლოდ ვაქცინირებულები დაიშვებიან, მოქმედებს როგორც მაყურებლებზე, ისე მოთამაშეებზე. მინისტრის განცხადებით, ჯოკოვიჩისთვის გამონაკლისს არ დაუშვებენ.

საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირი, ანუ „როლან გაროსი“ მაისშია ჩანიშნული და მინისტრი იმედოვნებს, რომ მანამდე სიტუაცია შეიცვლება.

ცნობისთვის, გუშინ, ჯოკოვიჩს ავსტრალიის დატოვება მოუწია, ის ავსტრალიის ღია ჩემპიონატამდე აუცრელობის გამო, ქვეყნიდან გააძევეს. მსოფლიოს პირველ ჩოგბურთელს,  ავსტრალიამ ვიზა ზედიზედ ორჯერ გაუუქმა.