სტამბოლის ათათურქის აეროპორტი დაიხურა. ბოლო რეისი ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სინგაპურის მიმართულებით წუხელ, 02:00 საათზე, შეასრულა.
დღეიდან კი სტამბოლში სამგზავრო რეისები ახალი აეროპორტიდან შესრულდება. ახალ აეროპორტში ამჟამად რამდენიმე ათასი ტონა ტექნიკის განთავსება სრულდება. მისი გახსნის ოფიციალური ცერემონია გასული წლის 29 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო.
ახალი აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი იქნება, რომელიც წლიურად 200 მილიონ მგზავრს მიიღებს. აეროპორტის საერთო ფართი 76,5 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს.
აეროპორტს 500 თვითმფრინავის გასაჩერებლად გამოყოფილი ადგილი ექნება.ამასთან, უდიდეს აეროპორტს მსოფლიოს 250 ავიაკომპანიის მიღება შეეძლება, საიდანაც ფრენები 350 მიმართულებით განხორციელდება.
ამ დროისთვის გაწერილი გეგმით, ახალ აეროპორტში ყოველდღიურად 2 ათასი ფრენა შესრულდება.