LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასწავლეთ ბავშვებს თქვენი ემოციების გაგება, ისწავლეთ სწორი კომუნიკაცია შვილებთან – ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია

1026
nana-facacia-1

მშობელსა და შვილს შორის ემოციურ ურთიერთგაცვლას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვის ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რომელიც გავლენას ახდენს როგორც მის მომავალ ურთიერთობებზე საზოგადოებაში, ასევე ცხოვრების საზრისის პოვნაში, თვითდამკვიდრებასა და თვითრეალიზაციაში. რას ნიშნავს ემოციური კავშირი და აღზრდის ეფექტური მეთოდები – “ფორტუნა” ფსიქოლოგ ნანა ფაცაციას ესაუბრა.

რა პრობლემები იკვეთება მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში?

ალბათ გსმენიათ, ბავშვის სიმშვიდის შენარჩუნებისთვის, მშობელი ხშირად უკმაყოფილებს მას სურვილებს, ცდილობს ბავშვთან გატარებული მცირე დროის კომპენსაცია მოახდინოს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. სამწუხაროდ, მშობლები გაუცნობიერებლად იქცევიან ასე და სწორედ აქედან იწყება პრობლემები. ამით მშობლები არასწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს და ემოციურად კიდევ უფრო შორდებიან შვილებს.

მთავარი და მნიშვნელოვანია მშობელსა და შვილს შორის ორმხრივი ემოციური კავშირის დამყარება. მაგალითად, შვილებს ვასწავლოთ რომ ჩვენც გვაქვს გარკვეული მოთხოვნილებები, რომ უფროსებსაც შეიძლება ჰქონდეს პირადი თუ საზოგადო პრობლემები, რა თქმა უნდა შვილებს ჩვენი პრობლემები არ უნდა მოვახვიოთ თავს, თუმცა უნდა ვასწავლოთ იყვნენ ემპათიურები, გაითვალისწინონ უფროსების რეალური მდგომარეობა, გააცნობიერონ რომ ყოველთვის ვერ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები და ეს სრულიად ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია.

ბავშვები ყველაზე კარგად და რეალურად აღიქვამენ გარემოს, ამიტომ  მნიშვნელოვანია უფროსების მხრიდან ემოციური კავშირის სწორად წარმართვა. საჭიროების შემთხვევაში უარის თქმა შვილების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, რაც მთავარია ახსნა, თუ რატომ და რისთვის ეთქვათ მათ უარი.

დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს საკითხი შეიძლება უფრო მწვავედ იდგეს მშობლების წინაშე. იზოლაციის პირობებში შესაძლოა მშობლებს უჭირდეთ ბავშვების მოთხოვნილებებისა და ემოციის მართვა. ზოგადად, აუცილებელია ბავშვებს ავუხსნათ რეალური ვითარება, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ გულწრფელად საუბარი, ის რომ შესაძლოა დაბადების დღეზე, სტუმრად ვერ წაიყვანოთ, ან დაბადების დღე ფართო მასშტაბებით ვერ გადაუხადოთ, რადგან არ გაქვთ საკმარისი ფინანსები, ვერ მოახერხოთ მათი ყველა მოთხოვნის შესრულება. ესაა ჯანსაღი კომუნიკაცია და ემოციური კავშირი.

ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ თუ ყველა სურვილს შეუსრულებენ შვილებს, ბავშვებთან კომუნიკაცია უფრო გაუადვილდებათ. ეს მცდარი მეთოდია. ალბათ გინახავთ ბავშვები, რომლებიც მშობლის უარის თქმის შემდეგ იწყებენ ტირილს, ყვირილს და მათთან კომუნიკაცია რთულდება. სწორედ ეს არის მშობლის მხრიდან არასწორი კომუნიკაციის შედეგი. ამიტომ საჭიროა დაფიქრდეთ, რატომ არ ესმის ბავშვს თქვენი ემოციის, თქვენი უარის, იქნებ არასათანადოდ უხსნით?

ბავშვი იზრდება, გადის საზოგადოებაში, სამყაროში, სადაც მას ყველა სურვილი ვერ შეუსრულდება, ეტყვიან უარს. ამისთვის მზად უნდა იყოს და მომავალი ცხოვრებისთვის მშობელმა უნდა შეამზადოს. მოთხოვილებები უსაზღვროა და თუ სწორ რეაგირებას არ მოვახდენთ, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო გაგვიჭირდება როგორც ამ მოთხოვნილებების შესრულება, ასევე ბავშვებთან კომუნიკაცია. პრობლემები იწყება ელემენტარულით და ამ ელემენტარულს უნდა სწორი ხედვა.

თვითიზოლაციის კრიზისული მდგომარეობა შესაძლებელია ვაქციოთ გარკვეულ რესურსად შვილებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, დაგეგმეთ სხვადასხვა შიდა აქტივობები მათთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს სტრესული სიტუაციის გამკლავებას, სწორი ემოციური ურთიერთგაცვლის შედეგად ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანია ვასწავლოთ შვილებს სხვისი ემოციის გათვალისწინება, უფროსების შესაძლებლობების მიმართ იყვნენ უფრო ემპათიურები, გაგებით მოეკიდონ ამა თუ იმ ვითარებას, რათა ადვილად ადაპტირდნენ გარემოში და შეძლონ მომავალში ჯანსაღი ურთიერთობების წარმართვა სოციუმთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები